ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და სასამართლო სისტემა აწარმოებთ - ზურაბიშვილი მოსამართლეს

6 hours ago 2

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტულებას გამოეხმაურა. ჯაჭვაძემ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

„ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. იცოდეთ, მონობა ცუდად მთავრდება! როგორც სჩანს, კაფკა არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

10 იანვრის სხდომაზე მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში რჩებიან.

მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობა). თერთმეტივე მათგანს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისმოდა შეძახილები: „მონებო!“ პროევროპული აქციების მხარდამჭერების პროტესტი სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა - იმ დროს, როცა ისინი ბრაზს გამოხატავდნენ, რამდენიმე პოლიციელი იცინოდა.

ამავე მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა 9 იანვარსაც და მათი, 11 ბრალდებულის, საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადადო.

სრულად წაკითხვა