ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავეს

2 weeks ago 7

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, ხუთი ადამიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს თანახმად 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, რისი საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მ.ჯ.-მ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - ი.დ.-ს და მის მეგობარს - ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული დეკანი მამუკა ჯორბენაძეა, რომელიც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ფიქრობს რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი თემურ კეჟერაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი. რომ გამოძიება მიმდინარეობს და უნივერსიტეტში ვიღაცები გამოიკითხეს: „ზედმეტად არ მინდა რაიმე კომენტარის გაკეთება, რომ ბავშვებს (დაკავებულებს) არ ვავნო“ - თქვა მან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კონფლიქტი 3 დეკემბერს საპროტესტო ბანერების უნივერსიტეტის შენობაში გაკვრას მოჰყვა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ასოცირებული პროფესორი ლექციების ჩაშლას ეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც მას დეკანი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

შელაპარაკების შემდეგ კი პროფესორი ქალის ქმარი და თავისი მეგობარი უნივერსიტეტში მივიდნენ. როგორც რადიო თავისუფლებას წყარო ანონიმურობის პირობით უყვება, ისინი ბათუმის მერიის თანამშრომლები არიან. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რა დროსაც ორივე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დეკანთან ერთად ჩხუბში სტუდენტები ჩაერთნენ. კონფლიქტის ვიდეო ჩანაწერი სათვალთვალო კამერებიდან ამოიღეს. რის საფუძველზეც დაკავება მოხდა, გვეუბნება წყარო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და ოთხი სტუდენტის საქმე დღეს სასამართლოში არ შესულა და მასზე, სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

თბილისი მიმდინარე პროდასავლური აქციების პარალელურად, ყოველდღიურად აქციები იმართება ბათუმშიც, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილიც უერთდება.

აქციის მონაწილეები უერთდებიან მოთხოვნას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შესახებ. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სრულად წაკითხვა