„ჰელსინკის კომისია“: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას

3 days ago 2

ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“, რომლის წევრებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მიიჩნევენ, აცხადებს, რომ ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს.

სოციალურ ქსელ X-ში, „ჰელსინკის კომისიის“ ოფიციალურ გვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა.

„ჰელსინკის კომისია“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ სცადა ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და გავრცელებული ცნობებით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს.

„ჰელსინკის კომისია“ იმასაც იხსენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან, რომლის კონსორციუმი ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

„ჰელსინკის კომისიის” განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების მიტაცებაში გაიმარჯვებს, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის დემონსტრირების და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ რუსი მფარველების, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც სულ უფრო უახლოვდება.

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“, რომელიც კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს, სამთავრობო უწყებაა და მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ განაცხადეს, რომ „ჰელსინკის კომისია" პროცესებში „რადიკალური ოპოზიციის" სასარგებლოდ ჩართული მხარეა და მის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს.

საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. პროტესტი გაძლიერდა 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილების, საპროტესტო აქციების დარბევის და დემონსტრანტებზე ძალადობისა და მათი დაკავებების შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ ქართველ მაღალჩინოსნებს მორიგი სავიზო სანქციები დაუწესა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

მანამდე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, უარი ეთქვა სადავო კანონებზე, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონზე და ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დაჰბრუნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს „გადატვირთავს".

სრულად წაკითხვა