10-მა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს თავმჯდომარეს თბილისის მოვლენების გამო

2 hours ago 2

10-მა სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ელინა ვალტონენს, რომელიც საქართველოში ვიზიტისას აქციაზე მისვლის გამო დააჯარიმეს, „ჩარევაში“ დაადანაშაულეს და ეუთოს წევრ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართეს.

„ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოში სხვადასხვა მხარესთან და მის მხარდაჭერას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების მიმართულებით“, - წერია განცხადებაში.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მის მანდატს მხარს სამხრეთ კავკასიაში“, - აცხადებენ ქვეყნები. ეს ათი ქვეყანაა:

  • ესტონეთი
  • ისლანდია
  • დანია
  • ლიეტუვა
  • ლატვია
  • შვედეთი
  • ნორვეგია
  • კანადა
  • გაერთიანებული სამეფო
  • ნიდერლანდები.

განცხადების ტექსტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნკამ გაავრცელა.

ამასთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ ვალტონენის გამოჩენა თბილისის პროტესტზე „არ აკნინებს ეუთოს თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს“.

„ჰელსინკის დასკვნით აქტში ყველა მონაწილე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭერს ყველა პიროვნების მიერ უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებას“, - აცხადებს იგი.

„1991 წლის მოსკოვის დოკუმენტით, ყველა ჩვენგანმა განვაცხადეთ თანხმობა, რომ ე.წ. მესამე განზომილების ვალდებულებები წარმოადგენს პირდაპირ და ლეგიტიმურ საზრუნავს ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის და არ მიეკუთვნება მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს შიდა საქმეებს“, - აცხადებს ნორვეგიელი მინისტრი.

14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია.

14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, - რაც გასული წლის 28 ნოემბრიდან იმართება.

ამის გამო საგარეო უწყებამ ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა. სამინისტრო ელინა ვალტონენს აკრიტიკებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლისთვის.

16 ოქტომბერსვე ცნობილი გახდა, რომ აქციაზე ყოფნის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმა - მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.

15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.

Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.16 ოქტომბერს X-ზე პოსტში კი ვალტონენმა დაწერა: „ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი [ირაკლი კობახიძის და მისი] შეხვედრის გაუქმება მომიწია". მან კობახიძე ჰელსინკიში მიიწვია:

„როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას“, - მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.

სრულად წაკითხვა