10 ნოემბერს გზის გადაკეტვისთვის ბრალდებულებს სასამართლომ 500 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

1 week ago 2

დღეს 11 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 11 ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად 10 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო. მათ შორის 8 ადამიანს, მაქსიმალური 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო 3-ის შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არანაირი რეალური მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი იმისა, რომ გზა გადავკეტე. როდესაც გზის კონკრეტული მონაკვეთი გადაიკეტა, მე საერთოდ სხვა მონაკვეთში ვიმყოფებოდი, სადაც ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ბავშვს ვუხდიდით დაბადების დღეს. ჩვენ ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა წარვადგინეთ. მოწმეებიც მოვიყვანეთ, თუმცა მოსამართლემ მათი გამოკითხვის საშუალება არ მოგვცა. თქვა, რომ ახალს არაფერს მოგვცემდა.

გზის გადაკეტვა 7:30-ზე დაიწყო, ჩვენ იქ 9-ის წუთებზე მივედით. მოსამართლემ გვითხრა, უკვე გადაკეტილ გზაზე რომ მიხვედით, ხელმეორედ გადაკეტვას ნიშნავსო. უკვე გადაკეტილი გზა როგორ შეიძლება გადაკეტო ხელმეორედ, წარმოუდგენელია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა ჭალიძე, რომელსაც მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ 100% შემთხვევაში მოსამართლეები ბრალდებულებს სამართალდამრღვევებად ცნობენ. მოსამართლეებს არცერთ შემთხვევაში სამართალწარმოება არ შეუწყვეტიათ.

10 ნოემბერს ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო სასამართლომ ათობით ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად.

10 ნოემბერს თბილისში გაიმართა აქცია-მსვლელობა, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი „დაიტოვე“, ფეისბუკის ეს ჯგუფი გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს შეიქმნა, იმ მიზნით, რომ თბილისში მიმდინარე აქციებზე რეგიონებიდან ჩამომსვლელთა დაბინავება უზრუნველეყოთ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათ საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

სრულად წაკითხვა