100 ტაილანდელი ქალი საქართველოში, სავარაუდოდ, კვერცხუჯრედების გასაყიდად ჩამოიყვანეს

3 hours ago 1

სამი ტაილანდელი  ქალი, რომლებიც საქართველოში ტრეფიკინგის ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს, ქვეყანაში, სავარაუდოდ, კვერცხუჯრედების გასაყიდად ჩამოიყვანეს. ამის თაობაზე ტაილანდის ონლაინ გაზეთი The Nation იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებული სამი ქალი იმ დანარჩენ 100-მდე ტაილანდელ ქალს შორის იყო, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩინურმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საქართველოში „ოთხი სახლისგან შემდგარ“ დასახლებაში დაატუსაღა.  

Nation-მა 3 თებერვალს დაწერა, რომ ერთ-ერთმა მსხვერპლმა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ‘ნა’ (რაც მისი ნამდვილი სახელი არ არის), ტუსაღობის პერიოდზე ისაუბრა. სომხეთის გავლით, სხვებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლისას, ის სახლში 60 სხვა ტაილანდელ ქალთან ერთად განათავსეს. ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სახლში დაბრუნება უნდოდა. მოგვიანებით ‘ნა’ მეორე სახლში გადაიყვანეს, სადაც 10 სხვა ქალი იმყოფებოდა. ‘ნა’ აცხადებს, რომ მისი აზრით, „ოთხ სახლში დაახლოებით 100 ტაილანდელი ქალი იყო განთავსებული“, ნათქვამია სტატიაში.

The Nation-ის ცნობით, ქალებს თავდაპირველად სუროგატებად დასაქმებას პირდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ‘ნამ’ შეიტყო, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად არც ერთი მომავალი მშობელი არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ქალებს ყოველთვიურად კვერცხუჯრედების გაღების პროცედურების გავლას აიძულებდნენ. როგორც ცნობილია, ინვაზიური პროცედურები „ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებს“ შეიცავს, ხოლო „არალეგალურ ოპერაციებს ხშირად არ ახლავს სათანადო სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოების პროტოკოლები, რაც საფრთხეს უქმნის ქალების კეთილდღეობას“. მიუხედავად ამისა, კვერცხუჯრედებს დანაშაულებრივი ჯგუფი მოგების მიზნით ყიდდა.

The Nation ხაზს უსვამს, რომ ბევრ დატუსაღებულ ქალს უთხრეს, რომ მათ შეეძლოთ თავისუფლების სანაცვლოდ. 50,000-დან 70,000 ბატის ოდენობის გამოსასყიდის გადახდა. თუმცა, უმეტესობამ ვერ შეძლო ამ თანხის გადახდა და იძულებული გახდა დარჩენილიყო და შემდგომი ექსპლუატაცია აეტანა. ‘ნას’ ოჯახმა საბოლოოდ გადაიხადა გამოსასყიდი და მან შეძლო ტაილანდში დაბრუნება 2024 წლის 9 სექტემბერს.

გამგზავრებამდე ‘ნამ’ სამ სხვა ქალთან დალაპარაკება მოახერხა, რომლებმაც, The Nation-ის თანახმად, უარი თქვეს კვერცხუჯრედების გაყიდვაზე, თუმცა არც გასათავისუფლებელი ფული ჰქონდათ. მათ დახმარება ‘ნას’ სთხოვეს, რის თაობაზეც ამ უკანასკნელმა ხელისუფლებას აცნობა.

The Nation-ის ინფორმაციით, პავენა ჰონგსაკული, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლებს ეხმარება და ტაილანდის არასამთავრობო ორგანიზაციის Paveena Foundation for Children and Women-ის პრეზიდენტია, ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორს, სურაფან ტაიპრასერტს დაუკავშირდა, რასაც მოყვა სამაშველო ოპერაცია ინტერპოლის დახმარებით. შედეგად, 2024 წლის 30 იანვარს, სამი ქალი უსაფრთხოდ დაბრუნდა. ამჟამად, გადარჩენილ ქალებზე ფონდი ზრუნავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პავენა ჰონგსაკულმა ასევე მოუწოდა ტაილანდის მთავრობას იმუშაოს ჩინეთის ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოს დარჩენილი ქალების გათავისუფლება.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ ჯგუფში სამ ჯგუფიან სისტემაში, რაც მართალია, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა