ცოტა ხნის წინ მარიამ კვარაცხელიამ საკუთარ ტიკტოკ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ის აქციაზე იმყოფება, მასთან ერთად კი კადრში სპეცრაზმელებიც დგანან. ერთ-ერთი მათგანი გოგონას თავისკენ უხმობს და ერთად პოზირებენ. ვიდეო “თანამედროვე რომეოსა და ჯულიეტას” სახელით გახდა ცნობილი.
ვიდეო მარიამ კვარაცხელიამ 2 დეკემბერს გამოაქვეყნა, დღეს კი მას 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს კადრები სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა სოციალურ ქსელშიც და არაერთგვაროვანი კომენტარებიც მოჰყვა. წერდნენ, რომ მსგავსი კონტექსტის კადრების გამოქვეყნება სპეცრაზმელების ქცევის რომანტიზებას უწყობს ხელს.
ვინ არის მარიამ კვარაცხელია
მარიამ კვარაცხელია პეტრე კოლხის ქალიშვილია. თავად პეტრე კოლხი მარიამის შესახებ საჯაროდ ხშირად საუბრობს, რადგან მარიამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მას არაორდინალური იმიჯი ჰქონდა, პეტრე კოლხის მიერ წლების წინ გამოქვეყნებულ შვილის ფოტოებს კი ამის გამო დიდი ხმაური მოჰყვა.
“დიახ, ეს ჩემი შვილია… ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლებული და უკიდურესად ნაკითხი. საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით. ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა. ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან…
ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით. რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ. რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება. ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით. მიყვარხართ”, – წერდა მაშინ პეტრე კოლხი.
ამჯერად კი მარიამ კვარაცხელიას ვიდეოს შესახებ პეტრე კოლხმა ambebi.ge-სთან ისაუბრა:
“უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მაგისტრატურასაც ამთავრებს და უცხოეთშიც ჩააბარა. ახლა აპირებს გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში წასვლას, თუმცა მანამდე მეგობრებთან ერთად დააარსეს სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯი“, რომელიც ძალიან რეიტინგულია.
ყოველდღიურად გამოდიოდა მარიამი აქციაზე თავის მეგობრებთან ერთად.როგორც კი რუსთაველზე ძალების გამოყენება იწყებოდა, მარიამი მიდიოდა, პოლიციელებს ცხვირწინ უდგებოდა, რომ ამით პროტესტი გამოეხატა. ესაუბრებოდა – “ნუ ურტყამთ ახალგაზრდებს, ნუ სცემთ, ნუ იყენებთ ძალებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ -თქვენს ამ ქვეყნის“ და ა.შ. ვფიქრობ, ეს ვიდეორგოლიც ზუსტად იმისთვის ჩაწერა, რომ გამოეხატა დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ისინიც თავის მხარეს გადმოეყვანა.
ვფიქრობ, მარიამის ვიდეომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პოლიტიკოსები და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის.
სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს და გაზებიც აყლაპეს. მოიწამლა ჩემი შვილი და თვალები დასივებული ჰქონდა”, – თქვა პეტრე კოლხმა.
კრიტიკაზე პასუხი მარიამ კვარაცხელიამ კვლავ ტიკტოკზე გამოაქვეყნა:
“ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღე და ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. რაზეც კომენტარს გავაკეთებ არის ის კომენტარი, რაც დამსახურებულად მივიღე – რომ მოვახდინე სპეცრაზმელის რომანტიზება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა, რეაქციების შემდეგ მეც მივხვდი, რომ პროცესისთვის მსგავსი ვიდეოები დამაზიანებელია”, – ამბობს მარიამი.
პეტრე კოლხის ოჯახი
პეტრე კოლხს ჰყავს მეუღლე, ნინო ვეკუა და ექვსი შვილი. “მყავს ექვსი შვილი. ჩემი მეუღლე არის გმირი. მე ვერ ვუძლებ ამ ბავშვებს, თამამად შემიძლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი, ყიჟინა და ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს. თან შვილიშვილიც ხომ შემოგვემატა, ამიტომ გავერიდე ოჯახს, შეიძლება ითქვას. ეს ჩემი სისუსტეა და ვაღიარებ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ფსიქიკა ისედაც დაღლილი მაქვს და ეს ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მაგიჟებს”, – ამბობდა პეტრე კოლხი.
წყარო : Marao.ge