112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

1 week ago 4

მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის დანიელ მუმლაძეს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებისთვის, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად.

დანიელ მუმლაძის ადვოკატის ომარ ფურცელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ჯგუფურ დანაშაულს გულისხმობს საქმეში სხვა სახელები არ ფიგურირებს.

მისი განმარტებით, საუბარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებისას, 112-ის 7 სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დაზიანებაზე. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია რა რიცხვში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე საუბარი.

"რაც გახდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძველი არის წარმოდგენილი ვიდეომასალა ამოღებული, როგორც 112-ის ასევე ცალკეული კერძო ვიდეო სამეთვალყურეო სისტემიდან და არის ცალკეული სხვა მტკიცებულებები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკი და ა.შ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ცალკე აღებული ის მტკიცებულებები არ ყოფილა განხილვის საგანი, რამდენად ადასტურებენ ისინი ბრალს ან არ ადასტურებენ, ჩვენი ინტერესი იყო სასამართლოს ემსჯელა პატიმრობისგან განსხვავებულ სხვა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებას როგორიც არის გირაო", - თქვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძე.

თუმცა მისი განმარტებით, მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო ის, რომ ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არც მისი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, არც ის მორ არ არსებობდა მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და გამოიყენა მკაცრი ზომა პატიმრობის შეფარდების სახით.

"ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, ყოველგვარი განხილვის და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოს სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა აქციაზე დაკავებული, მათ მიმართ სრულიადაა უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვის მეთოდი" - უთხრა ჟურნალისტებს ომარ ფურცელაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 30 იანვარს 11:00 საათზეა დანიშნული.

მეთოთხმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათ ნაწილზე პოლიციამ დაკავების და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.

10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

სრულად წაკითხვა