13 წლის მოზარდებმა სკოლის სტადიონზე “სნუსი” მიიღეს და შეუძლოდ გახდნენ – შემთხვევა ზუგდიდში

22 hours ago 4

რამდენიმე დღის წინ, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ შეკრებილმა ორმა მოზარდმა “სნუსი” მიიღო, ცოტა ხნის შემდეგ კი ორივე იმდენად ცუდად გახდა, რომ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.

ბავშვებს წნევის მკვეთრი ცვლილება, ღებინების შეგრძნება და ძლიერი თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. რამდენიმე საათში მედიკოსებმა შეძლეს მათი მდგომარეობის დასტაბილურება და ამჟამად ბიჭების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სნუსი ნოტიო, უკვამლო, წვრილად დაფქული თამბაქოს პროდუქტია, რომელიც მოწევის ალტერნატივაა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ არის გამოკვლეული ის ზიანი, რასაც პროდუქტი აყენებს ადამიანის, მით უმეტეს, მოზარდის ჯანმრთელობას. იგი მცირე ზომის ტომარაშია მოთავსებული, რომელსაც ზედა ტუჩსა და კბილებს შორის ათავსებენ. ეს პროდუქცია იყიდება მარკეტებში, შესაძლებელია ასევე მათი მიღება მიტანის სერვისებით, წინასწარ ან კურიერთან, ადგილზე გადახდით.

ცხადია, სნუსის მიყიდვა მოზარდებისთვის აკრძალულია და კანონით ისჯება, თუმცა, როგორ რეგულირდება ეს აკრძალვა გამოძახებით მისი შეძენის დროს, გაურკვეველია.
ფაქტია, რომ “სნუსი” ახალი გასართობი გახდა თინეიჯერებისთვის, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. თუ ზუგდიდის შემთხვევას არ ჩავთვლით, სნუსის მიღებას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია, მაგრამ გავრცელებული წარმოდგენა, რომ ეს პროდუქცია ბევრად უვნებელია, ვიდრე სიგარეტი, მცდარია.

სკოლის სტადიონზე “სნუსის” მიღება არ არის ერთადერთი ინციდენტი, რაც ზუგდიდში მოზარდებს შორის მოხდა. ამ ფაქტამდე ორიოდ დღით ადრე სხვა სასკოლო სტადიონზე მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომელიც ბავშვების შელაპარაკებით დაიწყო.

რადგან ორი მოქიშპე სხვადასხვა სკოლიდან იყო, ორივე სკოლის მოზარდთა ჯგუფმა გადაწყვიტა, სკოლისა და უბნის ღირსება “დაეცვა” და ამისთვის ორივე მხარემ დაახლოებით ერთ საათში მინიმუმ, 20-20 კაციანი ჯგუფის შეკრება მოასწრო. “სწრაფი რეაგირების ჯგუფის” წევრებს საქმე სიტყვებით დიდხანს არ ურჩევიათ – კონფლიქტის მსვლელობაში თითქმის თავიდანვე მუშტები ჩაერთო.

საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა მოზარდები მხოლოდ მუშტებს დასჯერდნენ, ამიტომ შეტაკება შედარებით მშვიდობიანად დასრულდა: დალურჯებული თვალები, აწითლებული ლოყები და ერთ-ორი გახეთქილი წარბი კი, აბა რა მოსატანი და ანგარიშში ჩასათვლელია, თანაც, ბიჭები შეთანხმებულად იძახდნენ, დავეცით და ასფალტს დავარტყით ცხვირი, შუბლი თუ ყვრიმალიო.

სკოლის ადმინისტრაციამ ბიჭების ეს მტკიცება ფაქტების გაყალბებად მიიღო და სწორადაც მოიქცა: იმ სტადიონზე, სადაც ჩხუბი მოხდა, დარაჯს მკაცრად აეკრძალა სათამაშოდ ბავშვების შეშვება საგაკვეთილო პროცესის შემდეგ.

სულ ცოტა ხანში იგივე გააკეთეს ზუგდიდის სხვა სკოლების დირექტორებმა: იმავე საღამოს მივიდნენ თავიანთ სკოლებში, სადაც ბავშვები მშვიდად თამაშობდნენ, თამაში შეაწყვეტინეს, სტადიონებიდან გაყარეს და სიტყვა მიაყოლეს, გაკვეთილების შემდეგ თქვენი აქ შეკრება აღარ დავინახოთო, ხოლო იქ, სადაც სტადიონზე ბავშვები არ იყვნენ, დარაჯები გააფრთხილეს.

ანუ, როგორც ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის ხდება, გზა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, როცა ურემი გადაბრუნდა.

და მაინც, ფაქტია, რომ პრობლემას, რასაც მოზარდებს შორის ქიშპი, არასრულწლოვანთათვის აკრძალული ნივთიერებებისა თუ პროდუქციის ხელმისაწვდომობა, სკოლებსა და უბნებს შორის ქუჩური დაპირისპირება იწვევს, მხოლოდ სკოლების დირექტორთა რევიზიები ვერ აღმოფხვრის.

სკოლის მოსწავლეთა შეკრების ადგილებს გაკვეთილების შემდეგ მშობლების მხრიდან კონტროლი და პლუს, პოლიციის მხრიდან სწორი მიდგომები სჭირდება.

სრულად წაკითხვა