კომპანია TAV Georgia-მ, რომელიც ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს საქართველოში, განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში 150 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 13 ივლისს გაფართოების პროექტის დაწყების ცერემონიას, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრნენ.
TAV Georgia-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, განაცხადა, რომ პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. კომპანიამ აღნიშნა, რომ აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით და დასძინა, რომ 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
კომპანიის თქმით, პროექტის ფარგლებში გაორმაგდება მგზავრთგა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება; მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი; ტერმინალს დაემატება 9 ახალი სარეგისტრაციო დახლი; გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი; დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი. ამავე ინფორმაციით, განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები.
TAV Georgia საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს. გაფართოების პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” (UAG) და TAV Georgia-ს შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში TAV Georgia-ს კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.
პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ ინიციატივას „აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური პროექტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს „საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია“.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი აკისრია“, – განაცხადა მან. „თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს“.
ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის“, – განაცხადა მან. „ეს არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ვაჭრობისა და ქვეყნის საერთაშორისო მიმოსვლის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. სწორედ ამიტომ, მისი განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა“.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 43-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო.
„მიმდინარე წელს, პირველად ისტორიაში დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდნენ და საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია „ნორვეგიის ავიახაზები“ შემოვიდა. სულ რაღაც 2 დღეში კი, საქართველოში ოპერირებას მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია China Eastern დაიწყებს და თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. დღეს საქართველოს ავიაბაზარზე, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 125 მიმართულებით ასრულებენ. ეს ქმნის მეტ ხელმისაწვდომობას, აძლიერებს კონკურენციას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას“, – აღნიშნა მან.
ქვრივიშვილის თქმით, მხოლოდ ივნისში საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა. ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გასულ თვეს 3%-ით გაიზარდა.
This post is also available in:

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·