16-17 აპრილს საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ძალას გადაამეტა – DRI

8 months ago 16

16-17 აპრილს საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ძალას გადაამეტა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუში განაცხადეს”. იურისტების შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, მშვიდობიანი მომიტინგეები უსაფუძვლოდ დააკავეს. ფაქტებით არის დადგენილი, რომ სამოქალაქო აქტივისტები იზოლატორში გადაყვანამდე სცემეს, რაზეც იურისტები შესაბამის ორგანოებს ობიექტური მოკვლევის ჩატარებას და დამნაშავე პირების დასჯისკენ მოუწოდებენ.

იურისტები ამბობენ, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომელსაც საგამოძიებო უწყებაში წარადგენენ.

მათი მიზანი იყო დევნა პროტესტის მონაწილეების და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი გრძელდება სასამართლოში, როდესაც გაგრძელდა 48 საათამდე მტკიცებულებების წარდგენის ვადა, რომელიც უნდა იყოს გამონაკლისი და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ რეალურად, არ არის წარმოდგენილი არაფერი. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ უკან დაბრუნდა წლების წინ საქართველოში აღმოფხვრილი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. დაკავებულთა უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. მათ აღენიშნებათ სხეულის უმძიმესი დაზიანებები, – ამბობს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.

დაკავებულების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე საუბრობენ იურისტებიც. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ მატი დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკურად პირადად ზვიად ხარაზიშვილი იგივე “ხარება” უსწორდებოდა.

მკაფიოდ აღნიშნავს ერთ-ერთი ხელწერილით გათავისუფლებული, რომელიც ამჟამად ბოკერიას კლინიკაში იმყოფება, რომ პირადად უსწორდებოდა მას ზვიად ხარაზიშვილი. ფიზიკური ანგარიშსწორებისას უღებდა ვიდეოს, შეაფურთხა სახეში. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ნახევარი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებისას პერიოდულად კარგავდნენ გონებას და გარკვეული ეპიზოდები არ ახსოვთ საერთოდ. ეხვეწებოდნენ პოლიციელებს, რომ აღარ განეგრძოთ ფიზიკური ძალადობა, რადგან ამგვარ ფიზიკურ მოპყრობას ვეღარ გაუძლებდნენ და ვარაუდობდნენ ცემის პროცესში, რომ „მოვკვდები, ნუღარ მირტყამ“, – ამბობს იურისტი.

ამასვე ადასტურებენ თავად აქციის მონაწილეებიც.

ახლოს მივედით ჩვენ სპეცრაზმთან, რომელიც იყო შემაღლებულ ადგილას და მშვიდად მე და ჩემი ძმა მივმართავდით, რომ „ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, საერთო მტერი გვყავს და ჩვენს მხარეზე გადმოდით, იმიტომ, რომ ძმები ვართ“. დაახლოებით 2-3 წუთში გადმოხტნენ ეს სპეცრაზმელები ამ შემაღლებული ადგილიდან და დაიწყეს უკვე დარბევა და მათ შორის ჩვენ ეპიცენტრში ვიყავით მეც და ჩემი ძმაც და პირველ რიგში, ჩვენ მოგვხვდა. მე დავინახე მალევე, რომ ჩემი ძმა მიჰყავდათ და ვცდილობდი, რომ გამომერიდებინა ჩემი ძმა და მალევე გადმოვიდნენ ჩემზე, რამდენიმე სპეცრაზმელმა დამაგდო, რამდენჯერმე დამარტყეს, – ყვება აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 2 ახალგაზრდა მომიტინგე, რომლებიც 17 აპრილს დააკავეს.

სრულად წაკითხვა