17-მდე გაიზარდა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დღეს, 4 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი დაშავებული.
ავარიის დღეს, 3 სექტემბერს დადასტურებული იყო, სულ მცირე, 15 ადამიანის სიკვდილი. 20-ზე მეტი დაშავდა. მათ შორის არიან გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, სამხრეთი კორეის, შვეიცარიის, მაროკოს და კაბო-ვერდეს მოქალაქეები.
ლისაბონის ფუნიკულიორ „გლორიაზე“, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს, ტრაგედია 3 სექტემბერს, საღამოს მოხდა. ვაგონი რელსებიდან გადავარდა და შენობას შეეჯახა.
ლისაბონში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ავარია ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია.
ლისაბონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველმა კომპანია Carris-მა განაცხადა, რომ ფუნიკულიორის ტექმომსახურება დროულად, პროტოკოლის მიხედვით ხდებოდა. ტრაგედიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
1885 წელს გახსნილი ფუნიკულიორი „გლორია“ ერთმანეთთან აკავშირებს ლისაბონის ცენტრალურ რაიონ ბაიშას და ბორცვზე მდებარე რაიონ ბაირუ-ალტუს.