მოსამართლე ნინო ენუქიძემ სახდელის მაქსიმალური ვადა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტს სანდრო ქინქლაძეს, რომელიც 8 დეკემბრის ღამით ვარკეთილში მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალს - პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
როგორც ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ უთხარ მედიას საქმეში არის ვიდეო, რომელიც დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. მასში ჩანს როგორ ისვრის ქვას პარლამენტის მიმართულებით ქინქლაძე, მაგრამ არ ხვდება არავის.
"სამწუხაროდ, მოსამართლემ სახდელის სახედ და ზომად გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახდელი 12 დღით პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო არ არის არასრულწლოვანი -18 წლისაა, მასზე ნაწილობრივი ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ჩვენმა მოწმემ, რომელმაც პირდაპირ დაინახა დაკავების ფაქტი დარბაზშივე მიუთითა, რომ აღნიშნული პირი ვინც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც თვითონ ახსოვს ადგილზე არ ყოფილა"- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
სანდრო ქინქლაძე თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეა.
ათ დღეზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
8 დეკემბრის საღამოს მონაცემებით, 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება: