1989 წლის აპრილი: დუმილი ქარიშხლის მოლოდინში (ნაწილი II)

1 month ago 21

სტატიის მოსამზადებლად, დამუშავებულია პერიოდული გამოცემები : “კომუნისტი”, “ახალგაზრდა-კომუნისტი”, “Бзып”, “Советксая Абхазия”, “ლიტერატურული საქართველო” 1989 წლის 4-9 აპრილის პერიოდში.

რედაქციისგან: 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირში, გარდაქმნის პოლიტიკა დაიწყო, რომელიც ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად, ასევე გულისხობდა დემოკრატიის ზოგადი პრინციპების დაშვებასაც. ამის პარალელურად, წლიდან-წლამდე, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, სუსტდებოდა საბჭოთა კავშირი რაც პირდაპირ აისახებოდა მასში შემავალი რესპუბლიკების პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სიტყვის თავისუფლების დაშვების პირობების მიუხედავად, საბჭოთა ქართულ პრესაში, ყველაფერი მაინც მკაცრი კონტროლით იბეჭდებოდა და ხშირად, უბრალოდ არ შუქდებოდა ან მიიჩქმალებოდა რეალური ფაქტები და მოვლენები.

1989 წლის 4 აპრილს, აფხაზეთის ასსრ-ში დაწყებული საპროტესტო აქციებმა, თბილისში გადმოინაცვლა – აქაც, ორგანიზატორი ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. მათ, შემოიკრიბეს სამედიცინო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსტიტეტების სტუდენტები და რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ განაგრძეს პროტესტი. დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებდნენ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და ითხოვდნენ ლიხნის წერილის ავტორების დასჯას. [წყარო: 1989 წელი: საპროტესტო აქციები და მათი გავლენა საქართველოზე, გვ.21]

გაზეთი კომუნისტი, 5 აპრილის ნომერში, საერთოდ არაფერს ამბობს წინა დღესა და მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ მთავრობის სახლის წინ – სამაგიეროდ, გვესაუბრებიან მიხეილ გორბაჩოვის ვიზიტის შესახებ კუბაში; ჩაის კრეფის გეგმიური ჩამორჩენაზე, ორბიტაზე ობიექტის გაშვებაზე და სხვა. ამავდროულად, იბეჭდება სტატია „ისტორიული სიმართლისთვის“, რომელიც ისტორიკოსმა დავით მუსხელიშვილმა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ჯერ კიდევ 1978 წელს დაწერა,  მაგრამ არ გამოქვეყნებულა. ისტორიკოსი, აკრიტიკებს შალვა ინალ-იფას ნაშრომებს, რომელშიც აფხაზი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ქართველები არ წარმოადგენენ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობას.

6 აპრილს, გაზეთი კომუნისტი, ფაქტობრივად კვლავ აიგნორებს თბილისში მიმდინარე აქციას – უფრო სწორედ, გაზეთის ბოლო გვერდზე ძალიან პატარა ტექსტით, საზოგადოებას ამცნობს აქციის შესახებ: „4 აპრილს თბილისში გაიმართა ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხალხმრავალი უსანქციო მსვლელობა, რომელიც გადაიზარდა მიტინგში მთავრობის სახლთან. შეკრებილებმა შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. 5 აპრილს მიტინგი გრძელდებოდა.“

პარალელურად, გაზეთში ქვეყნდება ცნობა, სოხუმში გამართული პარტიული თათბირის შესახებ და აფხაზეთის ცნობილი პირების საზოგადოებისადმი მიმართვა – ტექსტში ნათქვამია: „აფხაზები და ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ერთმანეთის მხარდამხარ, ყოველთვის უზიარებდნენ და უზიარებენ ერთმანეთს ლხინსა და ჭირს […] ჩვენ ყველანი შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით, ვგმობთ ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ თავშეუკავლობას […] მთავარია დავამშვიდოთ ადამიანები, უზრუნველყონ დისციპლინა, მართლწესრიგი, ბოლო მოვუღოთ კონფრონტაციას. […].

გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი,  6 აპრილს, კინორეჟისორ ლერი სიხარულიძის სტატია ქვეყნებდა, რომელშიც, ის, ითხოვს საქართველოს ისტორიის შესახებ არსებული წიგნების, უცხო ენებზე თარგმნას, რადგან „ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა და ეროვნული ღირსებათა მიმართ ასე გახშირდა „გარე“ შემოტევები“ – მისივე თქმით,   თარგმნილი წიგნები დაგვეხმარებოდა სიმართლის დაცვაში.

1989 წლის აპრილის დემონსტრაციების შესახებ, ახალი ამბები ქვეყნებდა გუდაუთის რაიონის ბეჭდვითი ორგანოს, გაზეთი „ბზიფის“ მიერაც. გაზეთი, ფაქტობრივად წარმოადგენდა აფხაზი სეპარატისტების მთავარ ბეჭდურ ორგანოსაც, აქედან გამომდინარე გაზეთში გამოქვეყნებული სტატიები, საერთოდ არ ემთხვეოდა თბილისისა თუ სოხუმის ხედვასაც კი. 4 აპრილს, „ბზიფში“ ქვეყნდება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მოძრაობის „ადამონ ნიხასის“ წერილი აფხაზებისადმი (წერილი ავტორი ალან ჩოჩიევი), რომელშიც ის სრულად მხარს უჭერს აფხაზურ წერილს. თავის მხრივ არ მალავს საკუთარ ნეგატიურ განწყობას ქართველებისადმი, ხოლო წერილი ასე სრულდება: „ოსეთი ხალხი, თქვენ მხარს გიჭერთ, ხელისუფლებაც – მაგრამ ჯერ მას ვაჟკაცობა არ ჰყოფნის“.

6 აპრილს, ქვეყნდება გუდაუთის რაიონში, სოფელ ლიხნში, მცხოვრები ქართველის წერილი, რომელშიც ის ირწმუნება რომ მას აფხაზები არ ავიწროვებენ. თავის მხრივ, ირიბად მიმართავს ქართველ აქტივისტებს, რომ მას „არავისგან განთავისუფლება“ არ ესაჭიროება. ამავდროულად, არავინ აძალებს მას ისაუბროს აფხაზურად და იქვე ურთავს, რომ არც აფხაზი უნდა დააძალონ ისაუბროს ქართულად. [რედაქციისგან: სტატიის ავტორი ირიბად იმეორებს აფხაზური ნაციონალისტური ისტორიოგრაფიის მთავარ პოსტულატებს, რომლის დროსაც, მათი თქმით, აფხაზები, იძულებულნი იყვნენ ესაუბრად ქართულად და დაევიწყებინათ მშობლიური ენა].

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, დღითი-დღე რადიკილიზდებოდა, უკვე ისმოდა ლოზუნგები რუსეთისა და რუსიფიკაციის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომაც, სიტუაციის განმუხტვის მიზნით კომუნისტური პარტია კომპრომისზე წავიდა. 7 აპრილს, გაზეთ კომუნისტის (ისევე როგორ ახალგაზრდა კომუნისტის) მორიგ ნომერში, დაიბეჭდა ინფორმაცია საკადრო ცვლილებების შესახებ, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი ბორის ადლეიბა თანამდებობიდან გადადგა. თავის მხრივ, გაზეთის ფურცლებზე, გააქტიურდა პროპაგანდა, ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ, პათოსით, რომ ვითომდა, დემონსტრაცია არ უნდა გაცდეს აფხაზეთის საკითხს. „კომუნისტში“ წერენ: „თბილისში, მთავრობის სასახლესთან გამართულ მიტინგზე, ჩვენი კორესპონტენდეტბი ესაუბრნენ რამდენიმე მონაწილეს:

გურამ ქართველიშვილი ისტორიის მეცნიერების კანდიდატი: „[…] მე მხარს ვუჭერ მიტინგის მონაწილეთა ერთსულოვან უარყოფით დამოკიდებულებას ზოგიერთი აფხაზი ექსტრემისტის წინააღმდეგ […] ჩემი ღრმა რწმენით, პროტესტის ეს დემონსტრაცია უნდა ასცდეს თავის მიზანს. ვთვლი, რომ აქ წარმოდგენილი ყველა ლოზუნგი და მოწოდება არ ემსახურება საერთო აზრის შემუშავებას, არადა, ეროვნული ენერგია უნდა იყოს შეკრული.

თენგიზ კასრაძე, კავგვირაბმშენი სამშენებლო სამმართველოს ოსტატი: „ექსტრემისტული გამოხდომები ერთხელ და სამუდამოდ უნდა აილაგმოს, მაგრამ ექსტრემიზმს ექსტრემიზმით ვერბრძოლოთ?! არ არის მოსაწონი, რომ ხანდახან ანტისაბჭოთ ლოზუნგები გამოჩნდება ხოლმე და გარდაქმის სტრატეგიას ვერ აღიქვამენ ისე როგორც არს […]

ზურაბ გვაზავა, საქართველოს კავშირგაბმულობის სამინსიტროს სტამბის დირექტორი: „[…] ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესი, თუ იგი უმართავი გახდა, ანარქიად იქცევა და რაგინდ კარგი დასაწყისიც არ უნდა ჰქონდეს, შეიძლება მასობრივ ფსიქოზში გადაიზარდოს, ვშიშობ ეს პროტესტი უმართავი გზით არ გადაექანოს.”

7-8 აპრილს, დემონსტრანთა მთავარი მოთხოვნა შეიცვალა, ამჯერად, უკვე, არა ლიხნის წერილის ავტორების დასჯა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. 8 აპრილს, სიტუაცია კრიტიკულად მძიმე იყო და პირველად, კომუნისტმა აღარ დამალა ფაქტი, მთავრობის სახლის წინ დემონსტრაცია მიმდინარეობდა – მეტიც, ხელოვნურად დაიწყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ვითომად მოსახლეობის ნაწილს საერთოდაც არ მოსწონდა აქცია, მაგალითად, ვინმე ანდრო ტაბატაძე, ელექტრო-მექანიკური საამქროს ზეინკალი ამბობს: „გუშინ, სამუშაო საათებს შემდეგ მეც ვიყავი იმ მიტინგზე უბრალოდ მაინტერესებდა რა ხდებოდა. მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი იმ ზოგიერთი ლოზუნგით, რომელიც იქ ვიხილე და უკან წამოვედი.“

თბილისის მაუდ კამვოლის კომბინატ „საბჭოთა საქართველოს“ მშრომელები ღრმად განიცდიან ქალაქში შექმნილ მდგომარეობას,  გვითხრა მისმა  დირექტორმა მამია თენეიშვილმა. რუსთაველის პროსპექტზე ჭირს მოძრაობა, ჩაიკეტა გზები. კომბინატის მუშა-მოსამსახურეები, ახალგაზრდობა მხარს უჭერს მოწოდებას ბუნების დაცვის, ტაძრების აღდგენის, მიწების გაყიდვის და სხვა მრავალი საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას, მაგრამ რაც შეეხება ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტურ ლოზუნგებს მათ, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით.

გულნარა ჩხიკვაძე დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობითს დარგში: ჩვენი მოსწავლეები, მთავრობის სახლთან კი მივიდნენ, მაგრამ იქაური მდგომარეობა რომ დაინახეს, უმრავლესობა შინ წავიდა. დირექტორი ინეზა იამანიძე კი კვლავ იქ არის, რომ მათ იმდენ ხალხში რამე არ შეემთხვათ. გასულ ნოემბერში ჩვენმა მოსწავლეებმა თვითონვე გამოიტანეს სწორი დასკვნა, დირექტორმა სკოლის კლუბი და უთხრა თქვენვე გამოიტანეთ საჭირო დასკვნებიო. მოსწავლეებმა საღად იმსჯელეს, თვითონვე გადაწყვიტეს მეორე დილიდან სკოლაში ევლოთ […].

აფხაზურ პრესაში, აქტიურად ვრცელდებოდა ანტი-ქართული და ფარული სეპარატისტული მოწოდებები. ირონიით მოიხსენიებდნენ ქართულ ეროვნულ მოძრაობას, უწოდებენ მათ ექსტრემისებსა და ნაციონალური შუღლის გამღვივებლებს. თავის მხრივ, ხაზს უსვამენ, რომ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა, არიან აფხაზები, ხოლო ქართველები სტუმრები. ქვეყნდება, აფხაზეთში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სტატიებიც – მაგალითად, გუდაუთაში მცხოვრები, ბერძენი, ვინმე ა.მამულიდი ქართველებს, აფხაზებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მოუწოდებს სიმშვიდისკენ, სამაგიეროდ საუბრობს გაურკვეველ „ექსტრემისტულ“ ჯგუფებზე, ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ მას 1940-50-იან წლებში, ლავრენტი ბერიას, პოლიტიკა შეეხო, რის გამოც მოუწია გადასახლება. [რედაქციისგან: აფხაზურ ნაციონალისტურ ისტორიოგრაფიაში, განსაკუთრებულად ნეგატიური ადგილი უკავია ლავრენტი ბერიას ფიგურას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოცემული წერილის ავტორი, შეგნებულად იმეორებს აფხაზი სეპარატისტების პოსტულატებს]

1989 წლის 9 აპრილს, ვრცელდება საქართველოს ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი საბჭოს მიმართვა საზოგადოებისადმი, რომელშიც, ხალხს მოუწოდებენ სიმშვიდისკენ, დაფიქრებასა და მოთმინებისკენ, ტექსტი კი ასე სრულდება:

„ნუ დაივიწყებთ, რომ დღევანდელი უფლებები გარდაქმნამ და საჯაროობამ მოგიტანათ. გაუფრთხილდით ამ მონაპოვარს, იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ერის ოცნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, თანთადან შევასხათ ხორცი.

სხვა გზა არა გვაქვს, საქართველო იყო, არის და იქნება ერთიანი სოციალისტური სუვერენული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მოძმე ხალხთა საერთო ოჯახში.“

1989 წლის 9 აპრილის ღამეს, საბჭოთა ჯარის გამოყენებით, დემონსტრაცია დაარბიეს – დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა 437.

1989 წლის აპრილში, საბჭოთა ქართული პრესა, სრულად ჩქმალავდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სამაგიეროდ ცდილობდა, საპროტესტო მუხტი გადაესროლა აფხაზეთის მიმართულებით და ღიად ეჩვენებინათ, რომ პარტიაცა და ხალხიც, აფხაზი სეპარატისტების მიმართ ერთ აზრზე იყვნენ. ბორის ადლეიბას თანამდებობიდან განთავისუფლებას შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, აქცია რადიკალიზირდა და მთავარი ლოზუნგი, საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა. კომუნისტური პარტია, ეცადა, ხელოვნურად შეექმნა იმგვარი საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც დაუპირისპირდებოდა აქციას, მონათლავდ და ნათლავდა მათ რადიკალებად. 9 აპრილის ნომერში, აღარსადაა ნახსენები აღარც აფხაზები და აღარ ექსტრემისტები – განცხადებას რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, უფრო თხოვნაა ხალხისადმი, მოახლოებული უბედურების თავიდან ასაცილებლად.

სრულად წაკითხვა