2 დეკემბერის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა

2 weeks ago 14

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი. აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია.

„დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვლაყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აზუსტებს, რომ ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

2 დეკემბერს სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აქციის დაშლა დაიწყო წინა დღეებზე ადრე, დაახლოებით ღამის 10 საათისთვის. საია მიიჩნევს, რომ 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა და ჭავჭავაძეზე დასრულდა. საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა