2 ქართველი ჟურნალისტი გამოკითხვაზე დაიბარეს

1 week ago 7

10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე. ის გამოკითხვაზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე. როგორც ნიკურაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, მას ზოგად შეკითხვებს უსვამდნენ.

"ძირითადად აინტერესებდათ, სად ვიყავი, რას ვხედავდი, ალბათ, როგორც ჟურნალისტი. ერთი უცნაური კითხვა ჰქონდათ, ჩემთვის - რა გეცვა ხოლმეო და ჩემი ცნობილი ლურჯი ქურთუკი დააკონკრეტა, ეს ხომ გეცვა ხოლმეო. არ ვიცი, რა შუაში იყო ეგ, მაგრამ ძირითადად მისვამდა ზოგად კითხვებს: აქციაზე როგორი სიტუაცია იყო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მე თუ დავინახე ვინმე კონკრეტული მოუწოდებდა თუ არა ხალხს ძალადობისკენ. არ მახსოვს, ორგანიზატორი არ ჰყავს ამ აქციებს. მართლაც ზოგადი იყო შეკითხვები, ამ ერთი კითხვის გარდა. ოქმს გავეცნობი და მერე ვნახოთ, რა იქნება. ჩემი გადაღებული მასალა საერთოდ არ უხსენებიათ. ჩემი აზრით, და ადვოკატსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა, რომ გამოკითხული ხალხისგან სურთ მიიღონ ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები პოლიციას არ ემორჩილებოდნენ და ძალადობრივი იყო თუ არა, ამის მოსმენა სურთ", - თქვა მარიამ ნიკურაძემ.

მარიამ ნიკურაძის გარდა, გამოკითხვაზეა დაბარებული ონლიან მედია "პუბლიკას" ჟურნალისტი მინდია გაბაძე. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.

„კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია ის დაბარებული, ჯერ უცნობია“, - აღნიშნავენ გამოცემაში. როგორც მინდია გაბაძემ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ მასზე განხორციელებული ძალადობის საქმის ფარგლებში. უცნობი პირები მას 6 დეკემბერს დაესხნენ თავს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ეროვნულ გალერეასთან. ჟურნალისტს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

მინდია გაბაძეც და მარიამ ნიკურაძეც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აშუქებენ, რომლებიც 13 დღეა მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ ათასობით ადამიანი აპროტესტებს პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-მდე ადამიანი. გარდა ამისა, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება 30-ზე მეტ ადამიანს.

ბოლო 13 დღის განმავლობაში პოლიცია მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლია. ნიკურაძეს აქციების დარბევისას ორი ფოტოკამერა დაუმტვრიეს, ერთ-ერთ საღამოს კი მუშაობისას, შსს-ს თანამშრომელმა ხელის კვრით ის მიწაზე დააგდო.

პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს. 6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ „პუბლიკის“ რეპორტიორ მინდია გაბაძეს, სპეცრაზმის წარმომადგენელი თავს დაესხა ასევე „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას. ფიზიკურად გაუსწორდნენ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფებსაც, თავს დაესხნენ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებსაც.

სრულად წაკითხვა