2 ადამიანი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დემონსტრანტი - ბანერის დაზიანების გამო

4 days ago 2

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარის გამო სამი ადამიანი დააკავა.

სამიდან ორი ადამიანი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დაკავებული კი არის დემონსტრანტი, რომელსაც ბანერის დაზიანებას ედავებიან.

სამივე მათგანი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

დაკავებულთა შორისაა:

  • 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე - რომელმაც ფიზიკურად იძალადა (სახეში გაარტყა ახალგაზრდა გოგოს ხელი) და მოგვიანებით უხამის ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე.
  • 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, - რომელსაც აქციაზე ჰქონდა ხელკეტი, რომელიც ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს; ასევე, მოგვიანებით პოლიციელს, რომელმაც ხელკეტი წაართვა, მიმართა: „თქვენიანი ვარ“.

„გამოძიების თანახმად, ორმა დაკავებულმა ... 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს“, - წერს შსს.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს - მისი ვინაობა ჯერ უცნობია. ინიციალებია ი.დ.

პოლიციის ბრალდების თანახმად, მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის „საარჩევნო ბანერი დააზიანა“.

შსს-ის ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს:

  1. 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი - (ჯგუფური ძალადობა, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან ორ წლამდე პატიმრობით)
  2. 162-ე პრიმა მუხლი - „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“. ეს მუხლი ისჯება 2 წლამდე პატიმრობით.
  3. 187-ე მუხლი - ნივთის დაზიანება ან განადგურება. ამ მუხლის პირველი ნაწილი ისჯება „ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

აქციები და ძალადობა კალაძის შტაბთან

ბოლო რამდენიმე დღეა, კახა კალაძის შტაბი საპროტესტო აქციების ახალი ეპიცენტრი გახდა.

8 სექტემბერს დემონსტრანტებზე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა იძალადეს.

დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.

8 სექტემბრის აქციაზე დემონსტრანტებზე, დაკავებული ორი ადამიანის გარდა, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც ძალადობდნენ.

მათ შორის ალექსანდრე მუკათარიძე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.

აქცია 9 სექტემბერსაც გაიმართა - სწორედ ამ აქციაზე დააზიანეს კალაძის საარჩევნო ბანერი, რაზეც იმავე საღამოს დაიწყო გამოძიება.

აქცია იმართება დღესაც, 10 სექტემბერსაც.

სრულად წაკითხვა