“20 ლარზე ერთი ღამე თუ არ მეძინა, 40 მილიონზე 5 მილიონ 600 ათასი ღამე არ დამეძინება, არ გინდათ გადამოწმება, მე უკვე გადავამოწმე” – ალეკო შუღლაძე

9 hours ago 3

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

იმ დღეს მსხალი უნდა მეყიდა, 120 ლარი ღირდა კილოგრამი. მე სულ 20 ლარი მედო ჯიბეში, მეთქი ჯანდაბას, ნახევარს მაინც ვიყიდი… ნახევარ კილოს კი არა, ნახევარ მსხალს და სახლში არ წავიღებ, აქვე შევჭამ-მეთქი…

ჩავიყავი ხელი – არ არის ოცლარიანი. მეორეში ჩავიყავი – არ არის. უკან ჩავიყავი, ისევ წინ ჩავიყავი, ისევ უკან, მერე ზემოთ ჩავიყავი, ძირს დავიხედე – არ არის ვა არ არის!

ვახ, მეთქი რა ვქნა? ისევ ჩავიყავი ხელები, ორივე ჯიბეში ერთდროულად, მერე უკანა ჯიბეებში ერთდროულად… მოკლედ, ფული ერთდროულად არ იყო არსად, მეწყინა. გამოდის, დავკარგე. წამოვედი სახლში. სახლში მკითხეს, რა მოხდაო? არაფერი-მეთქი. ჩამაცივდნენ. 20 ლარი დავკარგე-მეთქი. რა უნდა გეყიდაო? რა უნდა მეყიდა, არაფერი-მეთქი. მაშინ დაიკიდეო. კარგი, დავიკიდებ-მეთქი… დავიკიდე, მაგრამ მთელი ღამე არ მეძინა.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, 40 მილიონი დოლარი რომ ვინმემ დამისანქციროს და ამახიოს… ჰო, გამოვ*ლევდი საფუძვლიანად, სახურავზე ავალ და ყვირილს დავიწყებ, მერე შეიძლება იქიდან გადმოვხტე და ამწე კრანს დავახტე… ბოლოსკენ აფთიაქშიც შევვარდები და თაროებს ავურევ-დავურევ, ყველაფერს გადმოვყრი…

20 ლარზე ერთი ღამე თუ არ მეძინა, 40 მილიონზე 5 მილიონ 600 ათასი ღამე არ დამეძინება. არ გინდათ გადამოწმება, მე უკვე გადავამოწმე.

სრულად წაკითხვა