დღეს, 20 აპრილს, მორიგი ანტირუსული აქციებია დაგეგმილი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქალთა მარში თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება 17 საათზე. მარშები გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში (ქალაქების სია შეიძლება, განახლდეს).
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე ასევე დაგეგმილია ახალგაზრდების მორიგი აქცია, რომელმაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო. მათი გუშინდელი აქცია და მსვლელობა ჯერ რუსთაველის გამზირზე დაიწყო, გაგრძელდა იუსტიციის სახლთან, შემდეგ გმირთა მოედანთან ფიციც დადეს და ბოლოს ისევ რუსთაველის გამზირზე დასრულდა. ამ დროის განმავლობაში კი თბილისის ცენტრალური ქუჩები პარალიზებული იყო.
„რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს!“ — ეს არის ქალთა მარშის ორგანიზატორთა ძირითადი გზავნილი. ისინი „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ:
„ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!
რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ – ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. არ გააუქმოთ გენდერული კვოტები!
20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!“ — ნათქვამია მარშის ორგანიზატორთა განცხადებაში.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული სტილის კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამ, რომელმაც რუსეთში მთლიანად გააქრო დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
აშშ-მ, ევროკავშირმა, ასევე ცალკეულმა ევროპელმა ლიდერებმა „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ განუცხადეს, რომ თუ ამ კანონს საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღებენ, საქართველო დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.