20-წლამდელები | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან

11 hours ago 3

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველო ესპანეთს 14 ივლისს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ვერონაში, „ლუიჯი ძაფანელაზე“ ეთამაშება.

ეს არის მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალური შეხვედრა, თუმცა თავისი თამაშით საქართველო ბევრად მეტს იმსახურებდა!

თავის მხრივ ძალიან კარგ ტურნირს ატარებს ესპანეთი, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ის საფრანგეთთან 11:49 დამარცხდა; მეორე ტურში თასის ნახევარფინალისტ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართა, დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გატყდა და მხოლოდ 2 საცხრილო (4 ლელოს გატანისთვის და მცირე სხვაობისთვის) ქულას გამორჩა - 30:33; მესამე ტურში ესპანეთმა უელსსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა - 25:35.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მასპინძელ იტალიასთან თამაშის შემდეგ მცირედი სხვაობებია საქართველოს შემადგენლობაში. შეხვედრას ტოვებს გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი, რომელსაც მსაჯმა იტალიასთან მატჩში მე-12 წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მის ნაცვლად მესამე ხაზში ლუკა ნარსია ბრუნდება.

დამწყებებში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა ბაჩუკი ბარათაშვილმა და მათე ღურწკაიამ, კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ, მეორეხაზელებმა თემურ წულუკიძემ და გაგი მარგველაშვილმა, ასევე მესამეხაზელებმა გიორგი არძენაძემ და მიხეილ შიოშვილმა. დვალის არყოფნაში გუნდს წულუკიძე უკაპიტნებს.

ორი ცვლილებაა ხაზში. გიგი სირბილაძის ნაცვლად მგეზავის პოზიციაზე თამაშს გიორგი ჯაში იწყებს და ის გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. ჯაშმა მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთხელ შეცვლაზე, ახალ ზელანდიასთან ითამაშა. ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა სანდრო მესხიძემ და მის ნაცვლად ნუგზარ ქევხიშვილს დათა ახვლედიანი შეუწყვილდება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. მეორე ფრთაზე კვლავ ლუკა კეშელავას, ხოლო ფულბეკად ლუკა თაყაიშვილს ვიხილავთ.

უცვლელია პირველი ხაზის მარქაფაც - შოთა ხელაძე, გიორგი ტურაშვილი და გიორგი მესხიძე. მეორე ხაზში დავით ბარამია, ხოლო მესამეში ნიკა აბესაძე შევა. 9 ნომრის პოზიციაზე თემურ ძოძუაშვილი გაგვაძლიერებს, ხაზში კი საბა შარვაშიძე და სანდრო სესიაშვილი.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX-XII ადგილების ნახევარფინალი. 14 ივლისი

ვერონა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“. 17:30 (საქ. დრო)

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. სანდრო მესხიძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიორგი ჯაში (არმია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა, კაპ.), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. ნიკა აბესაძე (ლელო); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. საბა შარვაშიძე (აია),23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

სრულად წაკითხვა