20 წლის ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, დაკავებულია 7 ადამიანი - შსს

1 day ago 4

ქვემო ქართლის პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა 20 წლის გოგოსათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დაკავებულთა შორის არიან ქალებიც.

ინციდენტი ქვემო ქართლში, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

გამოძიების თანახმად, ამ სოფელში, - რომელსაც უწყება არ ასახელებს, - ერთ-ერთმა კაცმა, მესამე პირის დახმარებით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2005 წელს დაბადებულ გოგოს.

როგორც შსს წერს, ეს მათ გააკეთეს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით“.

  • საუბარია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივზე - თუმცა ქართულ კანონმდებლობაში სიტყვა „გენდერი“ 2025 წლიდან ამოიღეს.

პოლიცია იუწყება, რომ შეტყობინების მიღებისთანავე „მყისიერად დაადგინეს“ გატაცებულის ადგილსამყოფელი და გამტაცებელი და მისი დამხმარე დააკავეს.

ასევე, როგორც შსს-ის პრესცენტრი წერს, დაკავებული არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

ასეთი ხუთი ადამიანია.

გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:

  • წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტი);
  • იძულება (150-ე მუხლი);
  • მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მთავარი ბრალდებული 29 წლისაა, მისი „დამხმარე“ კი - 43 წლის (წარსულში ნასამართლევი).

დანარჩენები - შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულები - არიან 55, 32, 77, 32 და 57 წლისანი. შსს განცხადებაში არ წერს, ენათესავებიან თუ არა ისინი პირველ ბრალდებულს.

როგორც სამინისტრო წერს, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა