WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა 2012 წელს “ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გააქტიურებულ მსჯელობას ეხმაურება:

“2012 – „ვიცოდი, არ ვიცოდი“ – რაღაც წყალგამყოფად აქციეთ. 2012 წლის მთავარი პოლიტიკური მიღწევა იყო ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანი შეცვლა. არა „რუსული სპეცოპერაცია“, არა კოლექტიური დაბნელება და არა ათასი სხვა იდიოტობა, რომლითაც ახლა წარსულის ახსნას ცდილობთ.

„ქართულ ოცნებას“ მაშინ ხმა საკმაოდ გონიერმა ადამიანებმაც მისცეს. მათთვის ეს იყო დემოკრატიული არჩევანი, სხვა უამრავ არგუმენტთან ერთად. ადამიანს შეიძლება 2012 წელს ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად სხვა დასკვნამდე მისულიყო. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური აზროვნება და არა რომელიმე პარტიისთვის სამუდამო ერთგულების ფიცის დადება. ამიტომ 14 წლის შემდეგ ისევ 2012-ზე დაუსრულებელი აპელირება უკვე წარსულზე პარაზიტირებაა.

2012–2026 წლები გაშვებული შესაძლებლობების ეპოქაა.

თოთხმეტი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენი არჩევნები იყო? რამდენი პოლიტიკური კრიზისი? რამდენი შესაძლებლობა ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რომ რაღაც შეეცვალათ?

და მოდი, ერთიც ვაღიაროთ: დღეს ყველაზე ხმამაღლა მორალს ზოგი ისეთი ადამიანიც გვიკითხავს, რომელმაც თავის დროზე უბრალოდ ვერ მოირგო ბიძინა, ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა, მერე სადღაც შუაში გაიჭედა და ბოლოს მორალურ მენტორად მოგვევლინა.

2012 წელზე დაუსრულებელი აპელირება საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური იმპოტენციის დადასტურებაა და სხვა არაფერი.

„უი, ახლა რეჟიმია მტკიცე და რა ვქნათ?“

რა და – ისევ წუწუნი. წუწუნი ბევრს კარგად აქვს დაცდილი. ზოგს განსაკუთრებით ინტელექტუალური წუწუნი. თან იმდენად კარგად, რომ ამით ფულსაც შოულობს. სტატუს-კვოს პროფესიონალური კრიტიკა ზოგიერთისთვის თავად იქცა სტატუს-კვოდ.

მაგრამ ერთი უხერხული კითხვა მაინც რჩება: ეს სტატუს-კვო მართლა რომ არ მოგწონდეთ, თოთხმეტი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ხომ უნდა შეგეცვალათ? განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღემდე „სისხლიან ცხრა წელზე“ ლაპარაკობთ და ამით უკვე მეორე ათწლეულია ყველა დღევანდელი პრობლემის ახსნას ცდილობთ.

„ცხრა წელი“ დასრულდა 2012-ში. მას შემდეგ თოთხმეტი წელი გავიდა.

14 წელი – გესმით, ხვდებით, იაზრებთ?

ამიტომ იქნებ ერთხელ მაინც საკუთარ პოლიტიკურ არჩევანზე, უმოქმედობაზე, შეცდომებზე და პასუხისმგებლობაზეც ვილაპარაკოთ და ყველაფერს 2012 წელს, მიშას, ბიძინას, რუსეთს, დასავლეთს, ოპოზიციას, ხელისუფლებას ან მეზობლის კატას ნუ გადავაბრალებთ.

ჰოდა, თქვენი შუბა დავხიე, 2012-ში ნაყიდი.

უბრალოდ ტეხავს უკვე ეს უტრაკობა. მუდმივად სხვისთვის რაღაცის გადაბრალება და საკუთარი პასუხისმგებლობისთვის ერთი წინადადების ვერ გამეტება.

2012 წელი ისტორიაა. 2026-ში სად ვართ ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. მაგრამ, “ჩვენ” ხომ მხოლოდ სხვის პასუხისმგებლობებზე ვსაუბრობთ დაუსრულებლად და არა საკუთარზე. ამიტომაც არ ვართ მოქალაქეები და ნახირს კიდევ ის ბრძენი კაცი სადაც უნდა იქ მიერეკება.

ჰო ნახირზე გამახსენდა – არის ასეთი მეთოდი, ცხვარი თუ ფარას გამოეყოფა მას კლავენ თოფით, სხვები ხედავან და ხვდებიან რა ტერიტორიაზე უნდა იარონ და სად. გაგონებთ ეს რამეს?” – წერს გოჩა მირცხულავა.