2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული, ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დარბევის საწყის ეტაპზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს სამ პოლიციელს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ეს პირველი გამამტყუნებელი განაჩენებია 2024–2025 წლების საპროტესტო აქციების დარბევისას პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეებზე. მანამდე არსებობდა წუხილები იმის თაობაზე, რომ, მიუხედავად მრავალი დოკუმენტირებული შემთხვევისა, არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიეცა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველები და დაზარალებულები კითხვებს სვამენ როგორც გამოძიების მიმდინარეობასთან, ისე აღსრულებული მართლმსაჯულების მასშტაბთან დაკავშირებით.
საქართველოს პროკურატურამ მაისში განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.
გურამ როგავამ, რომელიც საპროტესტო აქციებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის რანგში აშუქებდა, როდესაც მას სპეცრაზმელი თავს დაესხა, რის შედეგადაც ჟურნალისტი დაეცა და მძიმე დაზიანებები მიიღო, 12 ნოემბერს განაჩენის შესახებ ისაუბრა და გამოძიების მიმართ უნდობლობა გამოხატა.
ჟურნალისტის თქმით, პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ მას იმავე დღეს აცნობა სპეცრაზმელ გოგა კირკიტაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თავად ჟურნალისტი კი გამოკითხვაზეც არ გამოუძახებიათ. მან მომხდარს „აბსურდული“ საქმე უწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი ინფორმაციით, ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია, რადგან ის სხვა გახმაურებულ და სისხლიან საქმეებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და რეჟიმისგან დაუსჯელობის გარანტიით სარგებლობს.
ამასთან, ზვიად მაისაშვილის ადვოკატებმა ქართულ მედიას დაუდასტურეს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ორ სპეცრაზმელს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სამივე მსჯავრდებულს სამი წლის ვადით აეკრძალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელება.
განაჩენების საპასუხოდ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ონიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ძალადობის საქმეების გამოძიების დინამიკა არის „წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, მისი ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის სწორედ იქ გაწყვეტის მცდელობა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება“.
მისი თქმით, ხელისუფლება ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილ, „მინიმუმ 167 ადამიანს შორის მხოლოდ სამი პირის საქმეზე სჯის შემსრულებლებს, ხოლო მინიმუმ 164 პირი კვლავ ელოდება მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები