2025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი „ბეტა“ თაობის პირველი წარმომადგენლები იქნებიან – ბევრი მათგანი 22-ე საუკუნეშიც იცხოვრებს

1 day ago 2

2025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი „ბეტა“ თაობის (Gen Beta) პირველი წარმომადგენლები იქნებიან. ამის შესახებ სოციოლოგმა და ფუტურისტმა მარკ მაკკრინდლმა ამერიკულ გამოცემა The New York Post-თან ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, „ბეტა“ თაობის პერიოდი 2025 წლიდან 2039 წლამდე გაგრძელდება. ეს ჯგუფი იქნება ბავშვების ახალი თაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გაიზრდება. სწორედ ხელოვნური ინტელექტი ჩამოაყალიბებს მათ შეხედულებებს ჭეშმარიტებისა და რეალობის შესახებ.

„ბეტა“ თაობის ბავშვები Y (მილენიალები) თაობის უმცროსი წევრებისა და Z (ზუმერები) თაობის უფროსი წევრების  შვილები იქნებიან და 2035 წლისთვის ისინი მსოფლიოს მოსახლეობის 16%-ს შეადგენენ. მაკკრინდლი, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ამ ჯგუფის ბევრი ადამიანი 22-ე საუკუნეშიც იცხოვრებს.

„თაობა „ბეტა“ მოჰყვება თაობა „ალფას“ (2010–2024 წლებში დაბადებულები). ჩვენ მათ ასე ვუწოდეთ, რადგან ისინი არა მხოლოდ ახალი თაობები არიან, არამედ პირველი თაობებიც, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სამყაროში ჩამოყალიბდებიან. სწორედ ამიტომ თაობის მარკერებად გამოვიყენეთ ბერძნული ანბანი, რათა თვალი მივადევნოთ ამ განსხვავებული თაობების ინტეგრაციას ახალ ტექნოლოგიურ სამყაროში. შემდეგი იქნება თაობა Gamma (2040-2054 წლებში დაბადებულები), თაობა Delta (2055- 2069 წლებში დაბადებულები) და ა. შ. ეს სტანდარტიზებული 15-წლიანი პერიოდი საშუალებას მისცემს მომავალ ანალიტიკოსებს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი ანალიზი და გლობალური შედარებები“, – აცხადებს სოციოლოგი.

მისივე თქმით, „ბეტა“ თაობისთვის ფიზიკური და ციფრული სამყაროები განუყოფელი იქნება.

„ბეტა“ თაობა იცხოვრებს ეპოქაში, როცა ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ნორმად იქცევა და მთლიანად დაინერგება ყოველდღიურ ცხოვრებაში – განათლებიდან  და სამუშაო ადგილებიდან დაწყებული, ჯანდაცვამდე და გართობამდე. ალგორითმი მათ პროფესიულ და პირად ცხოვრებას წინსწრებით დააპროგრამებს, ხოლო მთავარი საფრთხე კლიმატის ცვლილება, მოსახლეობის გლობალური მიგრაცია და სწრაფი ურბანიზაცია გახდება, თუმცა ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით მათ აქვთ შანსი, გახდნენ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ინოვაციების მომსწრენი, რომლებიც საზოგადოებას უკეთესობისკენ შეცვლის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თაობები, როგორც წესი, მოიცავს 15 წლის განმავლობაში დაბადებულ ჯგუფებს, რომლებსაც მსგავსი შეხედულებები და ქცევის ნორმები ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საფუძველზე უვითარდებათ (ინტერნეტი, სმარტფონები, სოც. ქსელები, ხელოვნური ინტელექტი და ა. შ.), თუმცა ულტრამაღალი ტექნოლოგიური მიღწევებისა და სწრაფი ინოვაციების ეპოქაში 15 წელი შეიძლება არ იყოს საკმარისი პერიოდი თაობების მარკირებისთვის. მაგალითად, 21-ე საუკუნეში მოსალოდნელია 1000-ჯერ მეტი ტექნოლოგიური ცვლილება, ვიდრე მე-20 საუკუნეში მოხდა.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა