2025 წლის მარტის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

2 hours ago 2

პირველად 2025 წლის მარტის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ უკრაინის შესახებ დასკვნები ერთსულოვნად მიიღო.

ევროპული საბჭოს თითოეული სხდომის დროს მიიღება დასკვნები (conclusions), რომლებიც, ფაქტობრივად, ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახავს და ყველა წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსს საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი, ევროპული საბჭოს სხდომების დღის წესრიგში მუდმივად პირველია, წელიწადზე მეტია, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გამო, მასზე შეთანხმებული დასკვნები არ მიღებულა. სანაცვლოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოსცემდა ცალკე ტექსტს 25 ან 26 ქვეყნის მხარდაჭერით.

თუმცა ვითარება შეიცვალა პეტერ მაგიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ევროპული საბჭოს 18-19 ივნისის სხდომას ის პირველად დაესწრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის როლში და დაეთანხმა დასკვნას, რომელშიც ვკითხულობთ:

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას“.

ევროპული საბჭოს დასკვნებით ასევე შეიძლება განისაზღვროს ვადა კონკრეტულ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად ან საკანონმდებლო წინადადების წარდგენისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებმა გვერდი აუარეს უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდგომი კლასტერების გახსნის თარიღის დაკონკრეტებას და ელჩების მიერ მომზადებული სამუშაო ვერსიიდან ამოიღეს ჩანაწერიც: „რაც შეიძლება მალე“.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები ფუნდამენტური კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. კიევს დანარჩენი ხუთივე კლასტერის გახსნა ზაფხულის არდადეგებამდე სურს, რისი მზაობა ევროკომისიაშიც აქვთ.

უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე წინამორბედის ვეტო მოხსნა, თუმცა დასავლეთ ბალკანეთის გვერდის ავლით, უკრაინის დაჩქარებულ ინტეგრაციას მაგიარი (და როგორც ამბობს, სხვებიც) არ ეთანხმება.

„ძალიან გვიხარია, რომ უკრაინასთან მივაღწიეთ ისტორიულ გარღვევას ზაკარპატიეს ოლქის უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინის გაწევრიანების პირველი კლასტერის გახსნას. რაც შეეხება ჩვენს შენიშვნებს (და ამაში მარტო არ ვართ), ესაა ის, რომ პირველი კლასტერის გახსნისთანავე დავიწყეთ საუბარი ყველა დანარჩენი კლასტერის გახსნაზე. სიმართლე გითხრათ, წევრ ქვეყნებს შორის აზრები ძალიან იყოფა. ვიღაცას სხვაგვარი გაწევრიანების გზა სურს, ვიღაცას ყველაფრის დაუყოვნებლივ გახსნა, ვიღაცას კი მხოლოდ ორი თავის გახსნა. ჩვენ კი ვამბობთ: ახლახან გავხსენით პირველი კლასტერი, ბეჭედიც კი არ გაშრობია. ამჟამად პოზიტიური სიგნალი უნდა გაეგზავნოს იმ კანდიდატებს, ვინც უკვე უზარმაზარი შრომა ჩადო“, — განუცხადა მაგიარმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, არ შეიძლება არსებობდეს ორი სხვადასხვა სახის გაწევრიანების პროცედურა.

„კავშირს არ აქვს უფლება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც წლებია მუშაობენ თავების გახსნასა და დახურვაზე, გვერდი აუაროს და სხვა ქვეყნებს განსხვავებული წესებით შესთავაზოს გაფართოების პროცესი. სადაც შედეგებია, იქ ისინი უნდა იქნას აღიარებული. ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ინტერესებშია, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ“, — განაცხადა მაგიარმა.

საბოლოო ჯამში, დასკვნებში ჩაიწერა, რომ „ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამთავრობათაშორისო კონფერენციის ჩატარებას და ფუნდამენტური კლასტერის გახსნას და მოუთმენლად ელის სხვა კლასტერების გახსნას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“.

ეს ტექსტი განსხვავდება სამუშაო ვერსიისგან, რომელიც „ნეტგაზეთმა“ ნახა და რომელშიც ეწერა:

„ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამთავრობათშორისო კონფერენციის ჩატარებას და ფუნდამენტური კლასტერის გახსნას და მოუთმენლად ელის სხვა კლასტერების რაც შეიძლება მალე გახსნას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“.

ევროპული საბჭოს დასკვნები უკრაინისა და ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ, მხარს უჭერს უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტას „სამართლიანი მშვიდობის“ საფუძველზე და უსაფრთხოების მყარი გარანტიებით.

„მხოლოდ ისეთ გადაწყვეტას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეუძლია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა. საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით, აგრესორი არ შეიძლება დაჯილდოვდეს და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და თავდაცვის უნარი უნდა იყოს გარანტირებული. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ევროკავშირი გადაწყვეტს მისი კომპეტენციის ან მის უსაფრთხოებაზე მოქმედი საკითხებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირი მზადყოფნას აცხადებს, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევაში თავისი ჩართულობა რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად.

ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი და სანდო გარანტიების შექმნაში, „მსურველთა კოალიციის“ მეშვეობით და აშშ-თან თანამშრომლობით.

ევროპული საბჭო აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის უკრაინისთვის 2026 და 2027 წლების 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან პირველ ტრანზაქციას 2026 წლის ივნისის ბოლომდე. იგი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გააგრძელონ უკრაინისთვის ორმხრივი მხარდაჭერა, ამავდროულად, აღნიშნავს უკრაინის მიერ კანონის უზენაესობის დაცვის გაგრძელების მნიშვნელობას და მიესალმება მიმდინარე რეფორმებს.

ევროპული საბჭოს დასკვნებში საუბარია ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელოს რუსეთის საომარი ეკონომიკის შესუსტება, რათა მან შეწყვიტოს სასტიკი აგრესიული ომი და ჩაერთოს მშვიდობისკენ მიმართულ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომი შემცირების, მისი ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციების შეზღუდვისა და მისი საბანკო სისტემის შემდგომი შეზღუდვის მნიშვნელობას“, — აცხადებს ევროპული საბჭო სანქციების 21-ე პაკეტის სწრაფი მიღებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ნებისმიერი სახით დახმარება, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდების გზით. კერძოდ, იგი მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალების უკრაინის წინააღმდეგ ომში განთავსებას, ასევე რუსეთისთვის ირანის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მიერ გაწეულ სამხედრო მხარდაჭერას.

ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევად რჩება და ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030 წლისთვის გადამწყვეტად უნდა გაიზარდოს.

„წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების შემდეგ, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის ყველა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროპული საბჭო მოუწოდებს დააჩქაროს ძალისხმევა ასეთი საფრთხეებისგან დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის „აღმოსავლეთის ფლანგის მეთვალყურეობის“ პროექტზე მიმდინარე სამუშაოებისა და სხვა ინიციატივებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ყველა საზღვრის დაცვას“, — ნათქვამია დასკვნებში.

ევროკავშირის ლიდერების თანახმად, ევროპამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინის გამოცდილებიდან ახალი ტექნოლოგიებში და ითანამშრომლოს უკრაინულ ინდუსტრიასთან.

სრულად წაკითხვა