WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საქსტატის“ მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20.535 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-იანი მატებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6.153 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.3%-ით, 14.382 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.228 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.

საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 650.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (583.1 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (566.7 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8% შეადგინა.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.529 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ აშშ დოლარით (13.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.5%). წელს საქართველოში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, რაც ირანის მიმართულებით ექსპორტის მასშტაბური ზრდის ფონზე ხდება.

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.187 მლრდ აშშ დოლარი), ჩინეთი (1.746 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.716 მლრდ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.652 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.407 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 9.8%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 526.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).

This post is also available in: English