WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საქსტატის“ მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.076 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.6%-იანი მატებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა და 6.874 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 6.4%-ით, 16.201 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.326 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 731.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (673.3 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (648.0 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.1% შეადგინა.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.721 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 892.8 მლნ აშშ დოლარით (13%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 527.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.7%). წელს საქართველოში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, რაც ირანის მიმართულებით ექსპორტის მასშტაბური ზრდის ფონზე ხდება.

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.468 მლრდ აშშ დოლარი), ჩინეთი (1.973 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.882 მლრდ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.950 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.609 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 9.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 590.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).

This post is also available in: English