21-ე დღეა შიმშილობს თორნიკე თოშხუა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან

1 week ago 2

თორნიკე თოშხუა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობს - ის თვლის, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურია. როგორც თორნიკე, ასევე მისი უფლებადამცველი მიიჩნევენ, რომ დამნაშავენი არიან არა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, არამედ ყოფილი ფეხბურთელი და ხელისუფლების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე, რომელიც 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე დანით მივიდა.

"ფსიქოლოგიურად მხნედაა, ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც თვითონ ამბობს, არ აპირებს შიმშილით თავი ისე დაიუძლუროს, რომ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლოს", - უთხრა თოშხუას ადვოკატმა ოთარ ფურცელაძემ რადიო თავისუფლებას. მან თორნიკე პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 5 სექტემბერს, მოინახულა.

თვითმხილველები, რომლებიც 31 ივლისს შეესწრნენ ინციდენტს, რომელშიც თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. პოლიციამ გოცირიძე ტერიტორიას განარიდა.

რუსთაველზე 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან მალევე, ბექა გოცირიძემ ტიკტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჰყვებოდა, რომ ჩხუბში მოყვა და რომ პროევროპული აქციის მონაწილეებმა „მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს“. მას შემდეგ გოცირიძემ გამოაქვეყნა კიდევ არაერთი ვიდეო, რომლებშიც აქციების მონაწილეებს და მათ თანამოაზრეებს აგინებს და ამბობს, რომ „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს. ჯგუფურად ძალადობის ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა