„225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა“ - პატიმრობა შეუფარდეს მძღოლს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა

4 hours ago 4

„ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს“, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც ორი დღის წინ გორში დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ 15 ივლისს მიიღო.

პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა ადგილობრივ მედია „ქართლის ამბებს“ განუცხადა, რომ ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბების გამო.

35 წლის ელიზაბარაშვილი, ბრალდების თანახმად, 13 ივლისს „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ“ მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ჭავჭავაძის ქუჩაზე დედა-შვილს დაეჯახა.

ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვიც.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა.

მას ბრალდება წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით: „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ტვ პირველის“ ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს. იგი სხდომაზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა.

  • ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი დაიღუპა.
  • მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
  • იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში.
სრულად წაკითხვა