საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) 24 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრალდებები 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ცესკომ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და „კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებად“ შეაფასა.
„არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე“, – განაცხადა ცესკო-მ და დასძინა, რომ ამგვარი განცხადებები ისედაც პოლარიზებულ გარემოს კიდევ უფრო ძაბავს.
ცესკო-მ ასევე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა „მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით“. მისი თქმით, ეს „დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში“.
ცესკო-მ მოუწოდა პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, „რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ“.
განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ახალ არჩევნებზე სალაპარაკოდ. პრეზიდენტმა 23 დეკემბრის ვიდეომიმართვაში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა და დასძინა, რომ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა სერიოზულად შეირყა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო/ოდირმაც, გამოთქვეს შეშფოთება საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. თავის საბოლოო ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) განაცხადა, რომ არჩევნები ზოგადად „კარგად იყო ადმინისტრირებული“, მაგრამ ჩატარდა „სერიოზული შეშფოთების“ ფონზე, რომელიც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობას, რომ შურისძიების შიშის გარეშე მიეცა ხმა“. კრიტიკულ ანგარიშში არჩევნების შემდეგ სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობაცაა ხაზგასმული.
ანალოგიურად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც მიუთითებს, რომ არჩევნები „ფუნდამენტურად ხარვეზიანი“ იყო.
მანამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა კრიტიკული ანგარიში, სადაც გამოთქმულია ეჭვი იმის შესახებ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ნამდვილად ასახავდა თუ არა ამომრჩევლის ნებას.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/12/2024 – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილს ახალ არჩევნებზე მოლაპარაკება შესთავაზა
- 21/12/2024 – პრეზიდენტი ახალი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნისკენ მოუწოდებს და მზად არის ივანიშვილს შეხვდეს
- 21/11/2024 – სამართლიანი არჩევნების, ჩემი ხმისა და საიას ერთობლივი შეფასება არჩევნების შესახებ
- 28/11/2024 – ევროპარლამენტმა საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაუარესების შესახებ რეზოლუცია მიიღო
- 27/11/2024 – ანალიტიკოსი: გენდერული სხვაობის ანალიზი არჩევნებზე 300 000 ხმის გაყალბებაზე მიუთითებს
- 14/11/2024 – MDF: აუდიოჩანაწერი საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მიუთითებს
- 06/11/2024 – საქართველოს არჩევნები: სიკვდილი ასი ლახვრით
This post is also available in: English (ინგლისური)