5
2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა ეს აღნიშვნა სულ უფრო ნაკლებად უკავშირდება თავისუფლების იდეას და მეტად ტენდერის გვერდის ავლით შთაბეჭდილების შექმნისთვის დახარჯულ მილიონებს, – ინფლრმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს:
წელს უკვე გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი, დიდწილად გამარტივებული შესყიდვებით, ტენდერის გარეშე. რუსთაველის გამზირი, სადაც ამჟამად ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები, ღონისძიებების გეგმის მიღმაა.
სამთავრობო განკარგულებები და დაგეგმილი ღონისძიებები
2025 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება N657, რომლითაც დამტკიცდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.
განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე სამინისტროს, მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დაევალათ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 657-ე განკარგულებაში არ არის ნახსენები რუსთაველის გამზირი, ადგილი, სადაც ამჟამად ყოველ დღე იმართება აქციები. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ სამხედრო ფიცის ცერემონიაა დაგეგმილი.
თბილისის გარდა, ღონისძიებები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
- ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, მესტია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ახალქალაქი, მარნეული, მცხეთა, ამბროლაური
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობასა და აქტივობების უზრუნველყოფას სხვადასხვა სამინისტრო და მათზე დაქვემდებარებული სტრუქტურები უზრუნველყოფენ.
2025 წლის 1 მაისს მთავრობამ გამოსცა დამატებითი განკარგულება N727, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2,900,000 ლარი. თუმცა ეს სრული თანხა როდია.
მთავარი ტენდენცია: გამარტივებული შესყიდვები და ბიუჯეტის ზრდა
მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელ უწყებებს ადრევე ჰქონდათ ინფორმაცია მათზე დაკისრებულ ვალდებულებებზე, მათგან ბევრმა მაინც არ გამოაცხადა ტენდერი, არამედ მხოლოდ მაისში მიმართა შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის დასამტკიცებლად. ამის მაგალითი თავდაცვის სამინისტროა ₾2,2-მილიონიანი შესყიდვით, რომელსაც 15 აპრილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა ელექტრონული ტენდერის დროულად გამოცხადების მაგივრად, 2025 წლის 2 მაისს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის (SMP250001163) ჩატარების მიზნით მიმართა.
დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებისთვის უწყებები მასშტაბურ შესყიდვებს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვების ფორმით (SMP კოდებით) ახორციელებენ. წარმოგიდგენთ კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მიღმა, უკვე გამოცხადებული შესყიდვების ჩამონათვალს. ზოგიერთი უწყების შესყიდვები ჯერ არ გამოცხადებულა ან ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის, თუმცა 26 მაისამდე მხოლოდ ორიოდ კვირა რჩება:
უწყება | შესყიდვის კოდი | თანხა (ლარი) | მიმართვის თარიღი | დეტალები |
თავდაცვის სამინისტრო | SMP250001163 | 2 200 000 | 2025-05-02 | ფიცის ცერემონია, სცენა, ტრიბუნები, ავიაგადაფრენა, ტექნიკის გამოფენა |
თბილისის მერია | SMP250001090 | 278 700 | 2025-04-29 | ავეჯის აქსესუარები, გასართობი და კომერციული მომსახურება |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | SMP250001198 | 370 067 | 2025-05-07 | სპეციალური ტანსაცმელი, აქსესუარები, საპოლიციო მოწყობილობები |
სოფლის განვითარების სააგენტო (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) | SMP250001066 | 320 000 | 2025-04-28 | კომერციული და თანმდევი მომსახურებები 26 მაისისთვის |
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იუსტიციის სამინისტრო) | SMP250001186 | 400 131 | 2025-05-06 | გორის მოედანზე ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები, კონცერტი, ჰიმნი |
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია | SMP250001143 | 342 853 | 2025-05-06 | მესტიაში ღონისძიებების ორგანიზება და ლოკალური აქტივობები |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | SMP250001125 | 284 774 | 2025-05-02 | ამბროლაურში ინსტალაციები, სცენა, გასტრონომიული და საბავშვო სივრცეები |
ფაქტები, რომლებიც კითხვებს აჩენს
ბოლო წლებში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ხარჯები ასე გამოიყურება:
2023: 7.7 მლნ ლარი
2024: 10.1 მლნ ლარი
2025: უკვე 7 მილიონი და მზარდი
ყველა ძირითადი ღონისძიება ტარდება ტენდერის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ:
- ბიუჯეტის ეკონომია არ ხდება
- კონტროლის მექანიზმები სუსტია
- გადაწყვეტილებები საჯარო პროცესს მიღმა მიიღება
იბადება კითხვები: რატომ აღარ ტარდება ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე? რატომ არ ცხადდება ტენდერები, როცა დაგეგმვის დრო საკმარისია? რატომ იზრდება თანხები ყოველწლიურად? ეს კითხვები რიტორიკულია და დიდი ალბათობით, უპასუხოდ დარჩება. დამოუკიდებლობის დღე კი სამწუხაროდ, წელსაც ბიუჯეტის ხარჯზე დაგეგმილი შოუ უფრო იქნება, ვიდრე, ქვეყნის ისტორიული არჩევნისთვის დამსახურებული პატივის მიგება.