29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია – პაპუაშვილი

1 week ago 5

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები პირველად ტარდება და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელ კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით 211 წევრის ადგილი აქვს, ოპოზიციას 69. ამას ემატება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან 20 წევრი. კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებს ატარებს ცესკო. 14:00 საათზე ცესკო ჩაატარებს სხდომას, დათვლის ხმებს და შემდეგ უკვე იქნება შედეგების გამოცხადება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლაც ეს ისტორიული მომენტი, არაპირდაპირი არჩევნები პირველად ხდება და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, ის სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ამოეწურება, მოუწოდებს, რომ დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და არ მოაწყოს საბოტაჟი.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან ყველანაირ ნორმას კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა და მისი მხრიდან მსგავსი განცხადებები არაა გასაკვირი, თუმცა მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდება მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს საბოტაჟი. არ მგონია, რომ ასე უტიფრად წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა მას პასუხი გასცა 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი თავიც დააყენა არჩევნებზე და ის ამ არჩევნებზე დამარცხდა, დამარცხდა სასტიკად. ასე რომ, ქართველმა ხალხმა მას 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცა პასუხი. ერთადერთი მოწოდებაა, რომ დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სრულად წაკითხვა