"29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია" - სალომე ზურაბიშვილი

10 hours ago 3

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება "პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით". პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დასაცავი არ იქნება და, რომ არც ეშინია.

"ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი მაინც ვერ მიცნობენ. ან ესაა მცდელობა რომ ამაგდონ და მე ვთქვა: "აბა რაა".

მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ, მესმის ასევე საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან რომ აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს, დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე. ვიქნები ის, რაც ვარ. პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები სამშობლოს", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბშვილმა დაამატა ისიც, რომ საქართველოში არეულობა არავის უნდა, არამედ, "ვინც შეგნებულია" ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა.

"მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, რაღაცნაირად ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური, გუშინაც იმედი ჰქონდათ და ალბათ, ამიტომ ამდენი პოლიციელი იყო თავმოყრილი, შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და გააუქმონ პარტიები და ა.შ. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი, სად დაინახეს. ვინც შეგნებულია, ამ ქვეყნის მომავალი როგორი უნდა იყოს, როგორი გვინდა, ვისთან ერთად გვინდა... ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად. ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს განვითარება რასაც სჭირდება მშვიდობა", - აცხადებს ის.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა