29 აპრილის აქციაზე ივანიშვილის გამოსვლას პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა

2 weeks ago 13

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებიდან თბილისში მმართველი პარტიის მიერ სპეციალურად აქციისთვის ჩამოყვანილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ივანიშვილმა საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის პოლიტიკაზე, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მან პასუხისმგებლობა აიღო „უცხოელი აგენტებისა“ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე. თავის ვრცელ გამოსვლაში მან გაამყარა შეთქმულების თეორია, რომელიც „ომის გლობალურ პარტიას“ საქართველოს იდენტობისა და სუვერენიტეტის გამანადგურებელ ძალად წარმოაჩენს და ოპონენტების, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა, რაც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში პარტიის გამარჯვებას მოყვება.

„სამოქალაქო საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, „პრემიერ-მინისტრი: „ძალიან ემოციური დღე იყო… მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეკრების ფორმატი სიღრმისეული საუბრის საშუალებას არ იძლევა, ვფიქრობ, საკმაოდ სიღრმისეულად გავაცანით ჩვენი გზავნილები ქართულ საზოგადოებას. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ამოცანის შესრულების თუ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა არის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაცის სანაცვლოდ უნდა დათმო დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარი თვითმიზანია, არ მიაღწიო იმ საშინაო და საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც დასახული გაქვს“.

არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“: „გუშინ აქ, რუსთაველზე 200 ათასი ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია… გუშინ მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა.  მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს  – თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა“.

დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნება“: „დიახ, გუშინ აქ, საქართველოს დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 ათასზე მეტი ქალი და კაცი, ერი და ბერი იდგა და ხაზგასმით მხარს უჭერდა და ამბობდა დიახ,  ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას. დიახ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დიახ, გამჭვირვალობას, ღიაობას, საჯაროობას, ჭეშმარიტ დემოკრატიას, ქვეყნის ევროპულ განვითარებას ღირსებით“.  

ოპოზიცია

ანა წითლიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა  რუსმა ოლიგარქმა, ნათლად და ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მან ღიად თქვა, რომ ის 2012 წელს მოვიდა ერთადერთი დავალებით და ეს დავალება არის საქართველოს დააკარგვინოს ევროპული მომავალი. გუშინ ჩვენ, რაც ვიხილეთ, ეს იყო შეშინებული ოლიგარქი“.

ნიკა გვარამია, პარტია „ახალი“: „ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად… გულწრფელად უნდა ითქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს… გუშინდელი გამოსვლის მერე, ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს, მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას- საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას“.

მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის „რაშისტული“ ნარატივი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას – კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „[ივანიშვილმა] ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს. დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა, დასავლეთს დაემუქრა – შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო, არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო, არჩევნების შემდეგ რეპრესიები დაანონსა, ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით“.

ეკა ბესელია, „სამართლიანობისთვის“: „სიჯიუტე და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სვლა, ეს არის სისუსტე და არა სიძლიერე. ეს უხეშობა, საკუთარი მოქალაქეების დაყოფა, ქუდზე კაცის მოხმობა, ისე რომ ამისთვის მთელი ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა სჭირდება, ეს არის ხელისუფლების უკიდურესი მარცხი… როცა წინასწარ ამბობ, რომ ეს იმიტომ გავაკეთე – თქვენ ქანცი გაგაცალოთ, არჩევნებამდე დაგღალოთ და ისე მოვიგო, ეს არის უკიდურესი შიშის დემონსტრირება“.   

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო… ივანიშვილი გუშინ აბსოლუტურად ყველას ემუქრებოდა, საგარეო კურსი შეიცვალა,  მან თქვა, არა ევროკავშირს, კი – ბიძინას. მისი საგარეო და საშინაო კურსი ბიძინა ივანიშვილია და ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მხოლოდ ეს ადამიანი უნდა აქოს და ადიდოს, რომელიც რეალობას სრულიად მოწყვეტილია და ძალიან სუსტია… გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მტერია, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაშიო. მის პირობებში ქვეყანა არათუ შევა ევროკავშირში, არამედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ, რომ რაც მოპოვებული გვაქვს, იმასაც დავკარგავთ“.

რომან გოცირიძე, „ევროოპტიმისტები“: „გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, პრორუსულმა განცხადებებმა… ნათელი მოჰფინა ყველაფერს არათუ „ხალხის ძალას“, არამედ ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო ბიძინა ივანიშვილმა თავისი გუშინდელი განცხადებებით. ვიხილეთ კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია. მან გამოაცხადა ქართული ოცნების დოქტრინა, რომელიც ნიშნავს ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერით და რუსეთის ზურგით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას“.

გიგლა ლემონჯავა, „დროა“: „ივანიშვილის პირით გველაპარაკებოდა კრემლი, ეს იყო ღია, რუსული განაცხადი, რომლის ამოცანაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მოხდეს, საქართველო ერთი ერთზე დატოვონ რუსეთთან და ჩვენ კარგად ვიცით როგორ მთავრდება ასეთი სცენარი… საერთაშორისო გეოპოლიტიკური გარემო ივანიშვილს იმის შესაძლებლობას არ მისცემს, რომ საქართველო ჩამოაშოროს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დატოვოს მარტო რუსეთთან“.

აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველო“: „ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რატომ აპირებენ ამ კანონის მიღებას. ის პირდაპირ უწოდებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტებს, მტრებს და ჩვენს პარტნიორებს განიხილავს როგორც უბოროტესს მტერს. სწორედ ამიტომ შემოდგომაზე უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული კანონის მაგივრად მივიღებთ რუსულ საქართველოს“.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა