3 პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტუროს „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება

10 hours ago 1

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.

„არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან - ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, - წერია განცხადებაში.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ყოველდღიური აქციები იმართება 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევრკავშირში გაწევრიანების მოლაპარაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ.

სრულად წაკითხვა