3 პროექტი - შენდება რამე დამწვარი ბაზრობის ახლოს?

5 hours ago 2

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა თბილისის მერიის ინტერაქციული რუკა და სამ სამშენებლო პროექტს მიაკვლია, მათ შორის ერთი ბაზრობის გვერდითაა, მეორე - უკან, მესამე - მახლობლად.

ძლიერი ხანძრიდან ცხრა დღის შემდეგაც დამწვარ ბაზრობას ტექნიკის დახმარებით ასუფთავებენ. ეს ტერიტორია ისევ საშიშია და მას დღე და ღამე დაცვა დარაჯობს.

„დემონტაჟი მიმდინარეობს, ჯერ დამწვარი ნარჩენები უნდა გავიტანოთ, შემდეგ კი ექსპერტიზა შეაფასებს ექვემდებარება თუ არა შენობა აღდგენას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომელიც ყოფილი ბაზრობის ადგილზე მორიგეობს და ნახანძრალთან გამვლელებს არ უშვებს.

დაცვის სამსახურმა დამწვარი ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა შეუშვა და ახლა დამცავი ჯებირების კედელს აწყობს.

დაცვის სამსახურმა დამწვარი ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა შეუშვა და ახლა დამცავი ჯებირების კედელს აწყობს.

დაზარალებულების ნაწილი გარემოვაჭრეებს შეუერთდა დამწვარი ბაზრობის წინ და გადარჩენილ ტანსაცმელს ყიდის.

დაზარალებულების ნაწილი გარემოვაჭრეებს შეუერთდა დამწვარი ბაზრობის წინ და გადარჩენილ ტანსაცმელს ყიდის.

ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული, ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიცია მორიგეობს. დაზარალებულ მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე ისევ არ უშვებენ - სარისკოა. ისინი დამცავ ჯებირებთან არიან შეკრებილები და იცდიან.

„ყოველ დილით აქ მოვდივართ და ველოდებით, არ ვიცი, რას“, - გვეუბნება ერთ-ერთი გამყიდველი და ვინაობას არ გვიმხელს.

ჯგუფებად შეკრებილები ამბობენ, რომ ერთადერთი იმედი მათთვის ახლა თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებაა, რომელმაც მთავრობის სხდომაზე მათ დახმარებას დაჰპირდა.

დაზარალებულები დამწვარ ბაზრობასთან იცდიან და ჩრდილს არაფერებენ თავს.

დაზარალებულები დამწვარ ბაზრობასთან იცდიან და ჩრდილს არაფერებენ თავს.

„ბორჯომის ვაგზლის“ დამწვარი ბაზრობა. 2025 წლის 9 აპრილი

„ბორჯომის ვაგზლის“ დამწვარი ბაზრობა. 2025 წლის 9 აპრილი

ხანძარს 400-მდე დაზარალებული ჰყავს. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ ექსპერტიზას არ დაუდგენია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ათობით ათასი ლარის პროდუქტი დეწვათ.

„გვითხრეს ისიც, რომ ბაზრობას აღადგენენ და ჩვენ ისევ შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა ეს როდის მოხდება? ალბათ თვეების საკითხია...“, - უზიარებენ მოლოდინებსა და წუხილს ერთმანეთს მოვაჭრეები, ერთ-ერთი მათგანი ამატებს:

„კიდევ კარგი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, „გაგვიმართლა“ - ამას ჰქვია... თუ აშენდება საჩვენოდ გადაწყდება? - მე არ მჯერა, ბავშვთა სამყაროს გამოცდილება მალაპარაკებს“.

აქ შეკრებილთა უმრავლესობას მაღაზიები დაეწვათ 8 წლის წინაც, როცა ცეცხლი „ბავშვთა სამყაროს“ გაუჩნდა. მათ შეავსეს „ბორჯომის ვაგზლის“ ბაზრობის ტერიტორია „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შემდეგ.

თბილისის ვაგზლის სიახლოვეს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ 2017 წელს დაიწვა. პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებებით დააკავა ცენტრის დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

დაზარალებულები დღემდე იბრძვიან სასამართლოში ზარალის ანაზღაურებისთვის. მათ საქმის განხილვის დასრულებამდე 3 000-ლარიანი კომპენსაციები გადაუხადეს. ეს გამოცდილება მათ უნდობლობას კვებავს. და ისიც, რომ ხანძრიდან მალევე გაიგეს, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ადგილზე ახალი სავაჭრო ცენტრი შენდება.

მრავალფუნქციური კომპლექსი „ბავშვთა სამყაროს“ ადგილას

სავაჭრო ცენტრის პროექტი „ბავშვთა სამყაროს“ ადგილას და „ბორჯომის ვაგზლის“ გვერდით

სავაჭრო ცენტრის პროექტი „ბავშვთა სამყაროს“ ადგილას და „ბორჯომის ვაგზლის“ გვერდით

80-იან წლებში აშენებული სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ და „ბორჯომის ვაგზლი“ გვერდი-გვერდ იყო.

ახლა ეს ტერიტორია პარკინგადაა ქცეული. ნანგრევების ნაწილი ისევ იქვე ყრია.

აქ იდგა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“, ახლა იქ ფასიანი პარკინგია.

აქ იდგა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“, ახლა იქ ფასიანი პარკინგია.

2021 წელს შპს ,,ბავშვთა სამყარომ“ თბილისის მერიას ამ ადგილზე სავაჭრო ცენტრის აშენების მოთხოვნით მიმართა.

„დავაპროექტეთ 7 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი მიწისქვეშა სამი სართულით“, - წერია მოთხოვნის დოკუმენტაციაში.

პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მულტიფუნქციური იქნება და გააერთიანებს ჰიპერმარკეტებს, მცირე ზომის სავაჭრო ცენტრებს, საწყობებს, კაფეებს, საბავშვო ცენტრებს, 5 კინო დარბაზს, ოფისებს, კაფეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს.

„სარეკრეაციო სივრცის ყველაზე მსხვილ ერთეულად, სახელდება ვაგზლის მოედნის მხარეს მდებარე სივრცე. დამატებით იგეგმება საპროექტო კომპლექსის სრულყოფილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საფეხმავლო გზების დაგეგმარება და მისი ინტეგრირება ქალაქის ქუჩათა ქსელში“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ბავშვთა სამყაროს“ ადგილის მესაკუთრეს მშენებლობის უფლება ჯერ არ მოუპოვებია.

„ბავშვთა სამყაროს“ ადგილის მესაკუთრეს მშენებლობის უფლება ჯერ არ მოუპოვებია.

პროექტის რენდერები არქიტექტურის სამსახურის გვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციას ახლავს თან.

პროექტის რენდერები არქიტექტურის სამსახურის გვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციას ახლავს თან.

მშენებლობის მსურველი პირობას დებს, რომ მოაწესრიგებს, ქალაქის „ერთ-ერთ გადატვირთულ, მაღალი ნორმატიული ფასის მქონე ტერიტორიას, რომელიც ქაოსურადაა განაშენიანებული“.

ამ იდეას დაზარალებულები არ იწუნებენ, თუმცა აქ სხვა პრობლემები იჩენს თავს. რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ რაც უფრო მოწესრიგებულია სავაჭრო ტერიტორია უფრო მეტია გადასახადი, რასაც ვერ უმკლავდებიან და ადგილების დათმობა უწევთ. ახლა ოთხ კვადრატში საშუალოდ 400-დან 600 ლარამდე იხდიან. თუ დახლის უკან კედელი გაქვს, გადასახადი უფრო მაღალია.

პროექტი მერიას ჯერ არ განუხილავს. მშენებლობის უფლების მოპოვებამდე ტერიტორიის მფლობელმა ბევრი საფეხური უნდა გაიაროს, მათ შორის მთავარი - დაუმტკიცონ განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ცათამბჯენები ძველი ქარხნის ადგილას

ფოტოზე ასახულია პროექტის დასრულების შემდეგ ნაძალადევის რაიონის ურბანული კონტურები, თუ ამ ადგილს მთაწმინდიდა შეხედავთ.

ფოტოზე ასახულია პროექტის დასრულების შემდეგ ნაძალადევის რაიონის ურბანული კონტურები, თუ ამ ადგილს მთაწმინდიდა შეხედავთ.

დამწვარი ბაზრობის უკან, 204 709 კვადრატულ მეტრზე გადაშლილია ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია. აქ ფაქტობრივად ახალი ქალაქის გაშენება იგეგმება, ათობით ცათამბჯენით, საიდანაც ყველაზე მაღალი 44-სართულიანი იქნება.

ამ ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრება ახალქალაქის ქუჩა, კერძო და თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიები, უმეტესად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით. დასავლეთით - რკინიგზის ლიანდაგია.

ამ ადგილზე ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება.

ამ ადგილზე ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება.

21 ჰა ტერიტორია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით უნდა მოეწყოს

21 ჰა ტერიტორია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით უნდა მოეწყოს

ამ ადგილს სამხრეთით ესაზღვრება „საქართველოს რკინიგზის“, ჩრდილოეთით კი სახელმწიფოსა და შპს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიები, მათ შორის „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაც.

ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მოხვედრა დადიანის ქუჩიდან შეიძლება.

ტერიტორია პარლამენტარ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების კომპანიებს - „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ვილსონ გარდენის სამეთვალყურეო საბჭოში 2023 წლამდე ადგილს „ლიბერთი ბანკის” აქციონერი, ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძეც იკავებდა.

წითელი - დამწვარი ბაზრობის ტერიტორია; ყვითელი - ახალი საცხოვრებელი კვარტლის სამხრეთი საზღვრის დასაწყისი

წითელი - დამწვარი ბაზრობის ტერიტორია; ყვითელი - ახალი საცხოვრებელი კვარტლის სამხრეთი საზღვრის დასაწყისი

2025 წლის 19 აპრილს კი გაირკვა, რომ ამ ადგილს ახალი მფლობელ ჰყავს შპს „დადიანი ინვეტსი“. ეს კომპანია „არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის. ილია წულაიას "დადიანი ინვესტის" ქონება წილოსნების ოჯახისგან არ უყიდია. მან ეს ტერიტორია „საქართველოს ბანკისგან“ გამოისყიდა.

ილია წულაია ქართველი ბიზნესმენია. ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მილიონერი დეპუტატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. წულაია თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია.

კომპანია „ვილსონ გარდენის“ დირექტორმა გიორგი ტაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარიგება ბანკსა და „არქი ჯგუფს“ შორის შედგა და შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი.

თუმცა დაადასტურა, რომ მშენებლობა დიდ ფულთან იყო დაკავშირებული, იპოთეკით დატვირთული ადგილის შენარჩუნება კი ვერ შეძლეს - ბანკში საკმარისი თანხა ვერ შეიტანეს. ტერიტორია ჯერ საქართველოს ბანკმა წაიღო, ბანკიდან კი „დადიანი ინვესტმა“ გამოისყიდა.

„არქი ჯგუფი“ ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერია და თუ ვინმეს იქ რაიმეს აშენება შეუძლია სწორედ ეს კომპანიაა“, - თქვა ტაბიძემ.

საპროექტო ტერიტორიის საზღვრები - ფოტო მოპოვებულია განაშენიანების რეგულირების გეგმიდან

საპროექტო ტერიტორიის საზღვრები - ფოტო მოპოვებულია განაშენიანების რეგულირების გეგმიდან

ახალი საცხოვრებელი კვარტლის გეგმა

ახალი საცხოვრებელი კვარტლის გეგმა

შპს „დადიანი ინვესტმა“ „ვილსონ გარდენისგან“ გადაიბარა საკრებულოსთან შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამზადებული დოკუმენტაციები და მშენებლობის ნებართვის მისაღებად ჩატარებული ყველა კვლევა.

სამშენებლო ნებართვის მიღებისთანავე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას წილოსნების ოჯახის კომპანიის ნაცვლად ილია წულაიას კომპანია დაიწყებს.

წინასწარი გეგმით, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე

  • ახლად აშენებული შენობების 75% საცხოვრებელი იქნება, 25% კომერციული.
  • ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალი 44 - სართულიანი, 154 მეტრის სიმაღლის ცატამბჯენი იქნება.
  • საშუალოდ ახალი შენობების სიმაღლე 15-20 სართული ექნება.
  • ახალი კვარტალი სულ 51 შენობას გააერთიანებს.

ასეთი უნდა იყოს ტერიტორია მშენებლობის დასრულების შემდეგ

ასეთი უნდა იყოს ტერიტორია მშენებლობის დასრულების შემდეგ

ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობის დასრულებას 10-15 წელი დასჭირდება

ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობის დასრულებას 10-15 წელი დასჭირდება

პროექტის აღწერაში წერია, რომ ახალ უბანში გაშენდება დიდი პარკიც.

„არქის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე იგეგმება უმაღლესი დონის, თანამედროვე უბნის მოწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ტერიტორიაზე განთავსდება საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსი, გასართობი ცენტრი, რესტორნები, მრავალსართულიანი ფიტნეს ცენტრი 35 მეტრიანი აუზითა და სპა სივრცით, სხვადასხვა სპორტული მოედნები, მათ შორის პადელის მოედანი“, - განგვიცხადეს კომპანიაში.

ტერიტორიის ურბანული განვითარების შესახებ თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიიღო. პროექტს მაშინვე მოჰყვა ოპოზიციისა და ურბანისტების კრიტიკა.

მოწინააღმდეგეები მშენებლობას თბილისის გენერალურ გეგმასთან შეუთავსებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამ მასშტაბის ახალი მშენებლობა დიდუბეში სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს და ეკოლოგიურ მდგომარეობასაც გააუარესებს.

პროექტის დამტკიცებისას, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი არგუმენტი იყო ვალდებულება, რომელიც ამ ადგილზე მშენებლობის მსურველს განუსაზღვრეს - კომპანია ვალდებულია დადიანის ქუჩა და წერეთელი საავტომობილო გზით დააკავშიროს.

ასეთი იქნება ცატამბჯენები მშენებლობის დასრულების შემდეგ

ასეთი იქნება ცატამბჯენები მშენებლობის დასრულების შემდეგ

გზის მშენებლობა კომპანიამ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც საპროექტო სამუშაოების 25%-ს დაასრულებს. საგზაო პროექტის დასრულებამდე მშენებლობა შეჩერებულია.

შპს „ვილსონ გარდენმა“ სატრანსპორტო კვლევა ჩაატარა და დადიანისა და წერეთლის დამაკავშირებელი გზის შეერთების სავარაუდო წერტილად ორი ქუჩა მონიშნა, ესენია, გორისა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩები. ორივე ეს ქუჩა წერეთლის პარალელურად მდებარე თევდორე მღვდილს ქუჩას კვეთს.

თბილისის საკრებულომ გრგ-ს ეტაპზე ვაგონმშენებელი ქარხნის მფლობელ კომპანიას დაავალა საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით მოაწყოს გვირაბები, რომელიც გორისა და ბაგრატიონის ქუჩებს დაუკავშირდება.

ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დამწვარი ბაზრის გვერდით მდებარეობს, რომელიც საჯარო რეესტრის თანახმად, „რკინიგზის ცენტრალური ვაგზალის“ საკუთრებაა.

„ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორია სააქციო საზოგადოება თბილისი ცენტრალს, რომელიც „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესია, 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული. 2021 წლიდან ბაზრობას კომპანია „ბაქანი“ ამუშავებს.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ბორჯომის ბაზარი პირდაპირ არის მოხვედრილი კალაძის გეგმაში, სადაც არის სამშენებლო პოლიგონი და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს."

„ეს მშენებლობა ღირებული რომ იყოს, სჭირდება გზა, სხვანაირად მშენებლობას არ ექნება აზრი... მოვაჭრეებთან საუბარი და დაყოლიება რთული იქნებოდა, რადგან ხალხი პურის ფულს გამოიმუშავებს. ადგა, პირდაპირ გადაუწვა", - თქვა ხაბეიშვილმა.

კომპანია „დადიანი ინვესტში“ უარყოფენ ბრალდებას, რომ მათ სამშენებლო პროექტს დამწვარი ბაზრობის ადგილას რაიმე ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და ამის დასადასტურებლად სამშენებლო ტერიტორიის საზღვრების ამსახველ გრაფიკულ მასალას გვიგზავნიან.

გრაფიკულად დამუშავებული სამშენებლო პროექტის საზღვრების გეგმა, რომელიც კომპანია „არქიმ“ რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა.

გრაფიკულად დამუშავებული სამშენებლო პროექტის საზღვრების გეგმა, რომელიც კომპანია „არქიმ“ რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა.

„არქის აღნიშნულ ნაკვეთს არანაირი კავშირი არ აქვს ბაზრობის ტერიტორიასთან. პირველ რიგში, ბაზრობის ტერიტორია და ჩვენი ნაკვეთი მნიშვნელოვნად არის დაშორებული ერთმანეთისგან, რაც გრგ-ს დოკუმენტში არსებული ნახაზებითაც თვალსაჩინოა. მეტიც, ბაზრობის ტერიტორია არქის ნაკვეთის საკვლევ არეალშიც კი არ არის შეყვანილი.

გარდა ამისა, არქის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება რკინიგზის მეორე მხარესაა“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას „არქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დამწვარი ბაზრობის ადგილზე სამშენებლო ინტერესების შესახებ ვერსიებს „მორიგი ტყუილი“ „სიბინძურე“ და „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, - თქვა კალაძემ.

ახალი ესტაკადა

ორი ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ორზოლიანი იქნება და ფოსტის შენობასა და სადგურის მოედანს შორის სარკინიგზო ხაზების ზევიდან გაივლის.

ორი ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ორზოლიანი იქნება და ფოსტის შენობასა და სადგურის მოედანს შორის სარკინიგზო ხაზების ზევიდან გაივლის.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დამწვარი ბაზრობიდან 300 მეტში დაიგეგმა დადიანისა და წერეთლის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდია.

პროექტს თბილისის მერია აკეთებს. საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე უკვე 2,5 მილიონი ლარის ტენდერიც კი გამოცხადდა. წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყო.

რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, რომ ორი ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ორზოლიანი იქნება და ფოსტის შენობასა და სადგურის მოედანს შორის სარკინიგზო ხაზების ზევიდან გაივლის.

„ამ პროექტისთვის გათვალისწინებული ადგილი რამდენიმე მეტრითაა დაშორებული დამწვარი ბაზრობიდან და მასთან არანაირი შეხება არ აქვს“, - აცხადებენ მერიაში.

ასე გამოიყურება ადგილი, სადაც თბილისის მერიის განმარტებით ესტაკადა გაივლის. მარცხნივ - ფოსტის შენობა, მარჯვნივ - თბილისი ცენტრალი

ასე გამოიყურება ადგილი, სადაც თბილისის მერიის განმარტებით ესტაკადა გაივლის. მარცხნივ - ფოსტის შენობა, მარჯვნივ - თბილისი ცენტრალი

პროექტის მიხედვით, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიანი იქნება. საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, ანუ სხვა ტიპის ტრანსპორტი, გარდა საზოგადოებრივისა მასზე პიკის საათებში ვერ იმოძრავებს.

კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, სწორ მონაკვეთში 8.5 მეტრი სიგანის, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).

„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.

საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - წერია ტექნიკურ დავალებაში.

„საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - წერია ტექნიკურ დავალებაში.

„საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - წერია ტექნიკურ დავალებაში.

რადიო თავისუფლება დაიტერესდა, ხომ არ მოუხსნა თბილისის მერიამ დამაკავშირებელი გზის გაყვანის ვალდებულება ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელ კომპანიას, მას შემდეგ, რაც თავად დააანონსა იდენტური მიზნის გზის მშენებლობა თბილისი ცენტრალთან, რაზეც ზევით უკვე დავწერეთ.

„სხვადასხვა პროექტია, ერთს მერია აკეთებს, მეორეს კერძო კომპანია“, - გვითხრეს მერიის ურბანულ სამსახურში.

დაზარალებული მოვაჭრეები იმედს იტოვებენ, რომ თბილისის მერია სიტყვას შეასრულებს. „ყველაფერი რამდენიმე თვეში გამოჩნდება“, - ამბობენ ისინი.

დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე ტექნიკა მუშაობს

დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე ტექნიკა მუშაობს

ხვალ 13 მაისს მოვაჭრეები მოიჯარე კომპანიის წარმომადგენლებს ხვდებიან იმის გასარკვევად, რამდენი მათგანი შეძლებს მუშაობის თავიდან დაწყებას, ვალებისა და ზარალის მიუხედავად, ბაზრობის აღდგენის შემთხვევაში.

სრულად წაკითხვა