17.06.2026
“დროა” ეხმაურება პარტიის ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებას.
პარტია უწყებას სიცრუის გავრცელებაში ამხელს. ისინი ჩამოთვლიან სამ “უზუსტობას” რომელსაც პენიტენციურის განცხადება შეიცავს.
- სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე, რომლითაც ის მკურნალობის გეგმასა და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა.
სიმართლეა, რომ წერილის შეტანიდან 2 კვირის გასვლის შემდეგაც კი, ელენეს ან მის ადვოკატს, არავითარი პასუხი არ მიუღიათ. - სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა და პარტიამ “დროა” სასჯელაღსრულების დაწესებულება დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიტიკურ პატიმარს ციხეში რაიმე დაავადება განხზრახ დამართეს.
სიმართლეა, რომ ელენე ხოშტარიას დაპატიმრებამდე ჰქონდა ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოზები, რომელთა სისტემურ მკურნალობაზეც პენიტენციური სამსახური პატიმარს უარს ეუბნება. ეს აღინიშნა პრესკონფერენციაზე და იმავეს ადასტურებს თავად პენიტენციური სამსახურის გავრცელებული განცხადება.
“საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მყისიერად დამყარდა კომუნიკაცია ელენესთან, როგორც დაწესებულების მთავარი ექიმის, ისე დირექტორის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამგვარი კომუნიკაციისთვისაც კი, საჯარო პრესკონფერენცია გახდა საჭირო, რაც არ აგვარებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ კომუნიკაციას პრაქტიკული შედეგი მოჰყვება სისტემური მკურნალობის მიმართულებით”, – წერია პარტიის განცხადებაში.
3. სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახით ან ფორმით არ გაუარესებულა.
სიმართლეა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება და ეს მათივე განცხადებაშია აღიარებული. მკურნალობა ხორციელდება ეპიზოდურად, მოვალეობის მოხდის მიზნით, ცალკეული სიმპტომების ჩასახშობად. ამიტომ, ასეთი მკურნალობა არაეფექტიანია. იმ რევმატოლოგმაც კი, რომელიც თავად ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაესაუბრა ელენეს ვიდეოზარის მეშვეობით, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები, მაგალითად მრტ, არ არის გამოსადეგი მდგომარეობის შესაფასებლად, რადგან არ არის შესაბამისი ხარისხის.
“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლების პირობებში, ელენეს დაავადებების მართვა სრულიად შესაძლებელი იყო და მისი მდგომარეობა თვისობრივად გაუარესდა მას მერე, რაც მისი დაკავების შემდეგ, მკურნალობაზე პასუხისმგებელი პენიტენციური სამსახური გახდა. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ელენე რეჟიმისგან არაფერს ითხოვს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელენეს პრეტენზია არ აქვს ციხის რიგით თანამშრომლებთან – ექთნებთან და ოფიცრებთან”, – წერია პარტიის განცხადებაში.
“დროა” პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, “ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად”, დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი ელენე ხოშტარიას ადვოკატის წერილს.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·