ასტროლოგი რამაზ გიგაური:
წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა: იუპიტერის ინგრესია ლომის ნიშანში
[პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის]
30 ივნისს, თბილისის დროით 9:52 საათზე, 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ასტროლოგიური მოვლენა მოხდა. გამარჯვების, პროგრესისა და სოციალური განვითარების პლანეტა იუპიტერმა – კირჩხიბის ემოციური ნიშანი დატოვა და ლომის სამეფო ნიშანში გადაინაცვლა (იქ 2027 წლის 26 ივლისამდე დარჩება).
ეს ტრანზიტი ბევრ ადამიანს გაუჩენს სურვილს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს და გარდა ამისა, უბიძგებს, საკუთარი შესაძლებლობები თუ ამბიციები გაბედულად გამოავლინოს. იუპიტერის ეს ინგრესია წლის ენერგეტიკას თვისობრივად ცვლის. ძირითადი აქცენტი წარსულის ანალიზიდან, ფსიქოლოგიური ტრავმებიდან და ემოციური უსაფრთხოებიდან საგარეო აქტივობაზე, შემოქმედებასა და ლიდერული თვისებების გამოვლენაზე გადავა.
იუპიტერი ლომში ცარიელ სივრცეში არ შემოდის – მასთან ერთად ჯერ ვენერა იქნება, შემდეგ კი მზე და მერკური. პარალელურად, ვერძში მყოფი სატურნი და ნეპტუნი, მშვილდოსანში მყოფ შავ მთვარესთან (ლილიტთან) ერთად, ცეცხლოვან სამკუთხედს შეკრავენ.
ამ უძლიერეს ასტროლოგიურ კონფიგურაციას თავისი ჩრდილოვანი მხარეც გააჩნია. ლომში მყოფი იუპიტერისა და მშვილდოსანში მყოფი შავი მთვარის კავშირი მეამბოხის არქეტიპს გააქტიურებს. იუპიტერი უდიდეს თავდაჯერებულობას გვანიჭებს, თუმცა ლილიტის გავლენამ ზედაპირზე შესაძლოა ფანატიზმი, გადაჭარბებული სიამაყე, გაბერილი ეგო და საკუთარი შეუმცდარობის ბრმა რწმენა ამოიტანოს. ამიტომ, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ თავს გულწრფელი შეკითხვა დავუსვათ: „ის, რისკენაც ახლა ვისწრაფვი, ჩემი ჭეშმარიტი შინაგანი განვითარების გზაა, თუ უბრალოდ, ეს მხოლოდ სურვილია, სხვების თვალში უფრო მნიშვნელოვნად და გავლენიანად გამოვჩნდე“.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, 30 ივნისის დილას სავსემთვარეობაც იყო (კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე), რომელიც დამატებით გავლენას მოახდენს ადამიანებზე და მათში ერთი მხრივ, ემოციურ ფონს გაზრდის, მეორე მხრივ, კი საჭირო იქნება პრაგმატულობისა და პრაქტიკულობის გამოჩენა. უახლოსი ერთი თვის განმავლობაში მოვლენების ჰარმონიული განვითარებისთვის ამ ორ პოლუსს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელი იქნება.
პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
♈ ვერძი
თქვენთვის ეს პერიოდი შემოქმედებითი და პიროვნული განვითარების დროა. იუპიტერი თქვენს სიმბოლურ მე-5 სახლს ააქტიურებს, რაც პირდაპირ უკავშირდება შემოქმედებას, სიყვარულს, ბავშვებსა და მასშტაბურ პირად პროექტებს. ცეცხლის სტიქია უდიდეს ენერგიას გაძლევთ და ის იდეები, რომლებისთვისაც აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ, ახლა სრულიად შესაძლებელია, წარმატებული აღმოჩნდეს. ამ გზაზე მთავარი ფსიქოლოგიური ამოცანა იმპულსურობისა და გადაჭარბებული სიამაყის კონტროლია, რადგან მშვილდოსანში არსებული შავი მთვარის გავლენით იზრდება ეგოიზმის გამოვლენის რისკი. 30 ივნისის სავსემთვარეობა კარიერასა და ოჯახს შორის ჯანსაღი ბალანსის პოვნას მოგთხოვთ. მოგიწევთ ემოციური ენერგია საოჯახო საქმეებისკენ მიმართოთ და პროფესიულ მიზნებს ცოტა ხნით გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.
♉ კურო
იუპიტერის ენერგია ამ პერიოდში თქვენი წარმოშობის, მშობლების, ოჯახის, ფესვების, უძრავი ქონებისა და ემოციური სიმშვიდის სიმბოლურ სექტორში იშლება. ეს შესაძლოა იყოს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების შეძენა ან ოჯახურ წრეში ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილებები. ეს საუკეთესო დროა შინაგანი ჰარმონიის მოსაპოვებლად. ამასთანავე, 30 ივნისის სავსემთვარეობა ნათელს მოჰფენს თქვენი კომუნიკაციების, სწავლისა და მგზავრობის სფეროს. მოგიწევთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საბუთებთან, იურიდიულ საკითხებთან ან შორ მანძილზე მოგზაურობასთან დაკავშირებით. ეს პერიოდი დაგეხმარებათ, დაასრულოთ ძველი საგანმანათლებლო საქმეები, გათავისუფლდეთ ზედმეტი, დამღლელი ინფორმაციისგან და ახლო ნათესავებთან თუ და-ძმებთან ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოთ.
♊ ტყუპები
იუპიტერი თქვენს კომუნიკაციების, სწავლის, მგზავრობებისა და უახლოესი გარემოცვის სიმბოლურ სახლს ააქტიურებს. გელოდებათ სოციალური კავშირების გაფართოება, საინტერესო მოგზაურობები და ახალი ურთიერთობები. მიიღებთ უამრავ ინფორმაციასა და შესაძლოა ჩაერთოთ საგანმანათლებლო პროექტებშიც. საერთოდ, ამ პერიოდში თქვენი სიტყვა დამაჯერებელი და გადამრჩენელი იქნება. თუმცა ეს ასტროლოგიური სურათი ერთ მნიშვნელოვან გაფრთხილებას შეიცავს: წყლის სტიქიის დეფიციტის გამო, ურთიერთობებში დაეყრდენით ფაქტებს და არა ემოციას. გარდა ამისა, 30 ივნისის სავსემთვარეობა უშუალოდ თქვენს ფინანსურ ღერძს გაააქტიურებს. მოგიწევთ შემოსავლებისა და გასავლების გადახედვა, ძველი ვალების თუ ფინანსური საკითხების საბოლოოდ დახურვა და პირადი რესურსების უფრო პრაქტიკულად გადანაწილება.
♋ კირჩხიბი
ეს ტრანზიტი ემოციური განცდებიდან მატერიალურ შედეგებზე გადასვლის ეტაპზე მიანიშნებს. იუპიტერი თქვენი ფინანსების, პირადი კაპიტალისა და ფასეულობების სექტორში შედის, რაც მიანიშნებს, რომ მომდევნო ერთი წელი ფინანსურად საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. თუმცა ამისთვის საკუთარი რესურსების სწორად მართვა და გამოყენება მოგიწევთ. 30 ივნისის სავსემთვარეობა, რომელიც თქვენს პარტნიორულ (თხის რქის) სექტორში ხდება, პირად და საქმიან ურთიერთობებში ბევრი რამის გაცნობიერებაში დაგეხმარებათ და ახალი მოქმედებისკენ გიბიძგებთ. აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბერში მარსი თქვენს ნიშანში მოძრაობს, ესეც დამატებით ენერგიას გაძლევთ. მთავარია, უარი თქვათ პასიური ცხოვრების რეჟიმზე და გახსნილ და გაბედულ მოქმედებებზე გადახვიდეთ.
♌ ლომი
ამ ასტროლოგიური წლის მთავარი გმირი თქვენ ხართ. იუპიტერი თქვენს პირველ სიმბოლურ სახლში შედის და პიროვნული ზრდისა და სოციალური რეალიზაციის სრულიად ახალ, 12-წლიან ციკლს იწყებს. ეს საუკეთესო დროა იმიჯის შეცვლისთვის, ახალი ხედვის ჩამოყალიბებისთვის და ახალი მიზნების დასახვისთვის. გასაძლიერებლად და საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად. მოიმატებს წარმატების მიღწევის შანსიც. თუმცა 30 ივნისის კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე მიმდინარე სავსემთვარეობა ძველი ვალდებულებების დახურვასა და ფარული შიშებისგან გათავისუფლებას მოითხოვს. ამ ერთწლიანი ეტაპის ყველაზე საშიში მახე ეგოცენტრიზმი იქნება, ამიტომ შეინარჩუნეთ შინაგანი დიდსულოვნება და შეეცადეთ, ქედმაღლობა და ამპარტავნება არ გამოავლინოთ ხოლმე.
♍ ქალწული
თქვენთვის ეს პერიოდი უფრო პასიურ და მოსამზადებელ ხასიათს ატარებს. იუპიტერი თქვენს საიდუმლოებების, ქვეცნობიერისა და სულიერი განმარტოების სიმბოლურ სახლში შედის. ეს იდეალური დროა სიღრმისეული ფსიქოლოგიური მუშაობისთვის, შემოქმედებითი პროცესებისთვის, წარსულის ანალიზისთვის, ძველი შეცდომების გამოსწორებისთვის, ტოქსიკური ადამიანებისგან და საერთოდ, „ძველი ცხოვრებისგან“ გათავისუფლებისთვის. 30 ივნისის სავსემთვარეობა სიყვარულისა და მეგობრობის სფეროში მნიშვნელოვან დეტალებს გაანათებს და დაგანახებთ, თქვენ გვერდით რეალურად ვინ დგას. ნელ-ნელა დაიწყება თქვენი მსოფლმხედველობისა და შორეული მიზნების გადაფასების პროცესიც. თქვენი მთავარი სოციალური ტრიუმფი ოდნავ მოგვიანებით დაიწყება, ახლა კი შინაგანი რესურსების და ენერგიის დაგროვების დროა.
♎ სასწორი
ამ ერთწლიან მონაკვეთში იუპიტერი გააქტიურებს თქვენი თანამოაზრეების, მეგობრების, კოლექტიური ურთიერთობების, სოციალური კავშირებისა და მომავლის ფორმირების სექტორს. მოსალოდნელია, რომ ახალი მეგობრები შეიძინოთ, რაიმე საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაებათ, იპოვოთ გავლენიანი მფარველები ან საჯარო სივრცეში თქვენი პოპულარობა გაზარდოთ. ეს პერიოდი დაგეხმარებათ ბევრი რამ შეცვალოთ აწმყოში, რაც თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება. პარალელურად, 30 ივნისის სავსემთვარეობა კარიერულ ამბიციებსა და ოჯახურ ვალდებულებებს შორის ჯანსაღი ბალანსის პოვნას მოგთხოვთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისას – გადაამოწმეთ გარემოცვისგან მიღებული ყველა შემოთავაზება, რათა ილუზიებისა და არასწორი გეგმების მსხვერპლი არ გახდეთ.
♏ მორიელი
მომდევნო თვეები თქვენი პროფესიული წარმატებისთვის, კარიერული განვითარებისა და სოციალური სტატუსისთვის გარდამტეხი იქნება. ლომში მყოფი იუპიტერი თქვენს მიზნებისა და მიღწევების სექტორს მუხტავს. მოსალოდნელია კარიერული აღმასვლა, პროფესიული მიმართულების შეცვლა და საჯარო აღიარების მოპოვება. დაიკლებს წყლის სტიქია, ამიტომ მოგიწევთ ემოციური ინტელექტის გამოვლენა, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ როგორც პირად, ისე საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. მოლაპარაკებებისას იყავით დიპლომატიური და ტაქტიანი, ეს წარმატების მიღწევის მეტ შანსებს მოგცემთ. რაც შეეხება 30 ივნისის სავსემთვარეობას, ის თქვენი იდეების, კომუნიკაციისა და მსოფლმხედველობის სფეროს გააქტიურებს. შესაძლოა დასრულდეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ან მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.
♐ მშვილდოსანი
თქვენი პლანეტის, იუპიტერის გავლენა უმაღლესი განათლების, მოგზაურობისა და ფილოსოფიის სფეროებს ააქტიურებს. თქვენ წინაშე ფართო ჰორიზონტები იხსნება. ეს იქნება საერთაშორისო პროექტები, მივლინებები, მოგზაურობები, ემიგრაცია-მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ტრენინგები, სემინარები და ლექციები. მიუხედავად ამ პერსპექტივისა, სიფხიზლეც მოგეთხოვებათ, რადგან თქვენს ნიშანში მოძრავი ლილიტი პიროვნული ილუზიების რისკებს ზრდის (ეს 14 სექტემბრამდე გაგრძელდება). იუპიტერისა და ლილიტის ნეგატიური კავშირი გარშემომყოფებისთვის საკუთარი სიმართლის თავზე მოხვევის ფანატიკურ სურვილს გაგიჩენთ. 30 ივნისის სავსემთვარეობა თქვენი ემოციური და ფინანსური კრიზისების ზონაზე იმოქმედებს. ეს კარგი დროა სხვისი რესურსების, ფინანსური ვალდებულებების ან პარტნიორული ბიუჯეტის გადასახედად და შინაგანი, ფარული შიშებისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად.
♑ თხის რქა
ლომში მყოფი იუპიტერი სხვა ადამიანების ფინანსების, ინვესტიციების, მემკვიდრეობის, ბიზნესის, ასევე კრიზისების გადალახვისა და ღრმა ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის სექტორს რთავს. ასე რომ, ეს პერიოდი იდეალურია ბანკებთან, გადასახადებთან, სესხებთან, კრედიტებთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული რთული საკითხების მოსაგვარებლად. ასევე ბიზნესში მსხვილი ინვესტიციების მოსაზიდავად, კრიზისული სიტუაციების ანალიზისთვის და გამოსწორებისთვის. ასევე კარგი დროა თერაპიისთვის და ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის. რაც შეეხება 30 ივნისის სავსემთვარეობას, ის თქვენთვის ღრმად პირადულ ხასიათს მიიღებს, რადგან ააქტიურებს თქვენს პიროვნებისა და პარტნიორობის ღერძს, რაც ურთიერთობებში მეტი სიცხადისა და კონკრეტულობის შეტანას მოითხოვს.
♒ მერწყული
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თქვენი ყურადღების მთავარ ფოკუსში სხვა ადამიანები და მათთან კავშირები აღმოჩნდება. იუპიტერი თქვენს პარტნიორობისა და ქორწინების სიმბოლურ სახლში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლოვანი სტელიუმი თქვენს ცხოვრებაში (როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიან ურთიერთობებში), ნათელ, ქარიზმატულ და ავტორიტეტულ ფიგურებს შემოიყვანს. შესაძლებელია, რომ ძველი, ენერგიაგამოცლილი და დრომოჭმული კავშირები დაიშალოს, თუმცა მათ ადგილას გაცილებით საინტერესო და მასშტაბური შეთავაზებები გაჩნდება. 30 ივნისის სავსემთვარეობა კი აუცილებლად შეგახსენებთ, რომ დიდი სოციალური აქტივობის ფონზე არ უნდა დაგავიწყდეთ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ, რუტინულ საქმეებზე ზრუნვა.
♓ თევზები
იუპიტერი თქვენი სამუშაოს, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური მოვალეობების სფეროში გადადის. ეს პერიოდი თქვენგან საქმეებში სრული წესრიგის დამყარებას, დისციპლინასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. პროფესიულად დაიტვირთებით, თუმცა ეს წარმატებას, ფინანსურ კეთილდღეობასა და აღიარებასაც მოგიტანთ. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის სტიქია სუსტდება, მოსალოდნელია ემოციური საყრდენის დაკარგვის, ან პროფესიული გადაწვის განცდა გაგიჩნდეთ. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებასა და ყოფითი რუტინის ჯანსაღად მართვას. პარალელურად, 30 ივნისის სავსემთვარეობა თქვენს შემოქმედებით და რომანტიკულ სექტორს გაააქტიურებს. მოგიწევთ პირადი სურვილებისა და კოლექტიური მოლოდინების გამიჯვნა; შესაძლოა საბოლოო წერტილი დაესვას რაიმე სასიყვარულო საკითხს ან წარმატებით დასრულდეს მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროექტი.

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·