ცხოველთა მოყვარულების პროტესტის შემდეგ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ამ კადრების გადაღებისას ვოლიერებს ასუფთავებდნენ, ხოლო ლეკვები დროებით „დამხმარე ვოლიერებში“ ჰყავდათ გადაყვანილი.
- სააგენტომ ასევე თქვა, რომ მათთან ყოველდღიურად ათობით ლეკვი მოჰყავთ.
- ცხოველთა მოყვარულებს სააგენტოს პასუხი არადამაკმაყოფილებლად მიაჩნიათ და საპროტესტო აქციას აანონსებენ.
ლეკვები ერთ ოთახში - რა ჩანს ვიდეოში
ეს ვიდეო 15 ოქტომბერს გაავრცელა მარიამ ცერცვაძემ, ცხოველების მოყვარულმა და „ენიმალ პროჯექტის“ თანადამფუძნებელმა. როგორც მან დაწერა, ვიდეო გაუგზავნეს.
უხმო, 48-წამიან ვიდეოში მრავალი ლეკვი ჩანს, - ცერცვაძის ცნობით, 300-მდე. ისინი პატარა ზომის ოთახშია ერთიად არიან შეყუჟულები.
„ცივი წყლის შლანგი აქვთ მიშვებული, მშიერ-მწყურვალები არიან. მკვდრებთან ერთად ცოცხლები არიან გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“, - დაწერა აქტივისტმა.
პარალელურად მან და სხვა ცხოველთამოყვარულებმა მოუწოდეს საზოგადოებას, ლეკვები შეიფარონ.
ცერცვაძის მიერ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორსაათ-ნახევარში შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სამი ლეკვი ჩანს, და დაწერა, რომ ლეკვები ჩუქდებიან.
„კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ - რას ამბობს სააგენტო
მოგვიანებით, საღამოს რვა საათისთვის, სააგენტომ ფეისბუკზე ვრცელი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ:
- გავრცელებულ ვიდეოს გადაღების დროს „სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა“;
- „ამ პროცესში ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებული“;
- „აღნიშნული კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და გამოიწვია მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“.
სააგენტომ განაცხადა, რომ ის „აქტიურად მუშაობს მიუსაფარი ცხოველების გაშვილების მიმართულებით“.
იქვე მიუთითა, რომ „ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა ცხოველების მიტოვების ფაქტები“.
„მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში ყოველდღიურად ათობით ლეკვი ხვდება, რომელთა დიდი ნაწილი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად დედის გარეშეა დარჩენილი“, - დაწერა სააგენტომ.
მისი განცხადებითვე, მოქალაქეები ლეკვებს „ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ, რაც მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ დატოვონ ცხოველები ქუჩაში და დროულად უზრუნველყონ მათი სტერილიზაცია/კასტრაცია და რეგისტრაცია“.
„ჯოჯოხეთია“ - გორში აქცია დაანონსდა
უწყების ამ განმარტების მიუხედავად, გორში თავშესაფართან აქცია დაანონსდა.
პოლიტიკურმა მოძრაობა „სართულმა“, - რომელსაც ვადო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს, - 16 ოქტომბერს 13:00 საათზე გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან აქცია დააანონსა.
ვიდეოები და მოწოდებები ვირუსულად გავრცელდა.
„ნახეთ ძაღლებს რას უკეთებენ გორში, ჯოჯოხეთს უწყობენ“, - თქვა ვადო მაჭავარიანმა ვიდეომიმართვაში.
„ხომ არ გაგიჟდით, ვინც ამას აკეთებთ“?! - მიმართა მან სააგენტოს წარმომადგენლებს.
კიდევ ერთმა აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, შეიფარონ გორში მყოფი ლეკვები.
მანაც მწვავედ გააკრიტიკა სააგენტო და ვიდეომიმართვაში თქვა:
„ეს არის ის თავშესაფარი, რომელზეც თვეების წინ ვამბობდით, რომ დაწვეს ძაღლები“.
სააგენტო ამას კატეგორიულად უარყოფდა. ჩატარდა საპროტესტო აქციები.
„მოტყუებით შევიდნენ ვიღაცები, მოტყუებით გადაიღეს, თორემ ეს კადრებიც არ იარსებებდა“, - განაცხადა რაზმაძემ.
აქტივისტმა მარიამ ცერცვაძემ მოგვიანებით ფეისბუკზე დაწერა, რომ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს განმარტება „არათუ ვერ ამართლებს ვიდეოში ასახულ მდგომარეობას, არამედ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს“.
მისი თმქმით, თავშესაფარში დასუფთავება ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და მისი ორგანიზება ცხოველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვით უნდა ხდებოდეს.
„როდესაც ასობით ლეკვი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ერთი ინფიცირებული ცხოველიც კი შეიძლება მრავალი სხვა ლეკვისთვის ინფექციის წყარო გახდეს“, - წერს იგი.
იგი ასევე წერს, რომ „მიტოვებულ ცხოველებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს არ ეკისრებათ, რომლებმაც ისინი მიატოვეს“ და პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე ნაწილდება.
radiotavisupleba ახალი ამბები