2025 წლის 4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებულ საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ოთხ პირს – დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს, საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდა და ისინი საპატიმროს დეკემბერში დატოვებენ.
ეს ნიშნავს, რომ არჩევნების დღეს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ბრალდებული 65-ზე მეტი პირიდან 50-მდე პირი უკვე გათავისუფლდა ან სასჯელი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ საპროცესო შეთანხმებების გაფორმების, პრეზიდენტის შეწყალების (სამი ბრალდებულის შემთხვევაში) ან, ერთი პირის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრების გზით.
აღნიშნულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივნისის გადაწყვეტილებით ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა“ და „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში“. ახლახან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების ფარგლებში, მათ დანაშაული აღიარეს, რის საფუძველზეც შეთანხმებები გაფორმდა.
ისინი იმ შვიდ ბრალდებულს შორის იყვნენ, რომელთა საქმეებიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განიხილებოდა. ამ ჯგუფში ასევე შედიოდნენ კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი ია დარახველიძე, რომელიც „ჯგუფურ ძალადობაში“ დამნაშავედ ცნეს დაუსწრებლად, და პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ჯგუფის კიდევ ერთ წევრს ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება სექტემბერში გაუფორმდა. შეთანხმების თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა ერთი წლით პატიმრობა და სამი წლით პირობითი მსჯავრი. იგი ოქტომბერში გათავისუფლდა.
გარდა ამისა, 6 ნოემბერს გათავისუფლდა ზურაბ ჭავჭანიძე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 ივნისს, იმავე ბრალდებებით, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები