4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე კიდევ ოთხ პირს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეეფარდა, თორმეტს სასჯელის ვადა შეუმცირდა, ერთი კი დაჯარიმდა

1 hour ago 2

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარი არეულობის საქმეზე კიდევ ოთხ ბრალდებულს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეეფარდა, თორმეტ პირს  საპროცესო შეთანხმებების შედეგად სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ერთს ჯარიმა დაეკისრა.

ამ გადაწყვეტილებებით, 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესების სერიის ფარგლებში სრული პატიმრობის მიმღებთა საერთო რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი დაუსწრებლად გასამართლდა. კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 22 პირს საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე პირობითი მსჯავრი დაეკისრა, რითიც პატიმრობა თავიდან აიცილა. ამასთან, კიდევ ერთ ბრალდებულს ჯარიმა დაეკისრა.

24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, აქტივისტ ნანა სანდერს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების“ ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქციის მონაწილე აბო ნავერიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის“ და „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის“ ბრალდებით, ხოლო ანტონ უპერის ამავე ბრალდებით დაუსწრებლად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს, რომელსაც „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში“ წაუყენეს ბრალი, 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

საქმეში ოთხი ბრალდებულიდან არცერთმა არ აღიარა დანაშაული, რის გამოც მათთან საპროცესო შეთანხმებები ვერ გაფორმდა.

მანამდე ცალკე გადაწყვეტილება გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13 ბრალდებულის საქმეზე, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო სამ მათგანს – მანუჩარ მიქელაძეს, გიორგი კირვალიძეს და ბექა მაჭავარიანს – დამატებით სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდა ბრალი.

ერთ ბრალდებულს, მანუჩარ მიქელაძეს, რომელმაც თავი დამნაშავედ არ ცნო, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმავე საქმეზე დანარჩენმა თორმეტმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმებით სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

თერთმეტ მათგანს – კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ სამხარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს და ბექა მაჭავარიანს – სამი წლით პირობით მსჯავრთან ერთად ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საპატიმროს გადაწყვეტილების გამოტანიდან დაახლოებით ოთხ თვეში დატოვებენ. კიდევ ერთი ბრალდებული – საბა კორძაია – ცალკე სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამო 1.5 წლიან საპატიმრო სასჯელს მოიხდის, რასაც ემატება სამწლიანი პირობითი მსჯავრი.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა