მათი თქმით, 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
"ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებათან დაკავშრებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად", - წერია პარტიების განცხადებაში.
მათივე განცხადებით, უშუალოდ საარჩევნო პროცესი დასკვნაში შეფასებულია, როგორც "მკვეთრად უარყოფითი", მრავალი დარღვევებით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის, როგორიცაა არჩევანის ფარულობა.
"ეუთო/ოდირის დასკვნა განმარტავს, რომ ორგანიზაციის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. მას შეუძლია მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხის ამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებში არ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი", - აღნიშნავენ პარტიები.
რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში?
ეუთომ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა დღეს, 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.
თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“.
2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში ეუთო წერს:
„მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.
ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“.
ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასაკმარისად იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა.
„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები“, - განაცხადა მან.
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულოს დარღვევის ხშირი შემთხვევები, პროცედურული შეუსაბამობები და ზეწოლისა და მუქარის შესახებ შეტყობინებები, მათ შორის პროცესის ვიდეოჩანაწერის გზით, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოებრივ ნდობაზე.
ეუთო/ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საჩივრების ეფექტური განხილვა, გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა პროცესისადმი.