4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არჩილ მუსელიანცს, პროევროპულ აქციებზე კამერის დაზიანებისთვის დაკავებულს

1 day ago 1

პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თბილისში სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი არევაძემ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 აგვისტოს, გამოცხადდა.

მოსამართლის განმარტებით, არჩილ მუსელიანცი დაკავების დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა - კანონმდებლობით კი, პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ მსჯავრს ემატება ერთი წელი.

არჩილ მუსელიანცს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი, პარლამენტის შენობის წინ, ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანებისა და მისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის. ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის სამიდან ექსვს წლამდე პატიმრობაა - ბრალდებულს კი მოსამართლემ ოთხი წელი მიუსაჯა.

„შენთან ვართ, ისწავლე ბევრი არჩილ, არ იჯდები ოთხი წელი“, - მიმართეს სხდომათა დარბაზიდან მსჯავრდებულს ახლობლებმა, რომლებმაც იციან, რომ მუსელიანცმა წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა ციხიდან.

29 წლის არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გასული წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა და როცა საბოლოოდ დიღმის მესამე სამმართველოში მიაკვლია, უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებული დახვდა.

საქმეში მთავარი მტკიცებულება მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეომასალაა, რომელიც Postv-მ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებს სახედაფარული მოქალაქე ცეცხლს კაბელებს.

მუსელიანცი საპროცესო შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

სრულად წაკითხვა