49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საწყისი ეტაპი დასრულებულია

2 hours ago 3

სადავო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რომლის წევრები მხოლოდ „ქართული ოცნების“ და მისი მოკავშირე „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები არიან, მხარი დაუჭირა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

19 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია, 16 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და 14 - „ძლიერი საქართველოს“.

ეს ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა(89 მანდატი).

ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

სადავო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შვიდი დეპუტატის მონაწილეობით დღეს, 5 თებერვალს დილით გამართულ სხდომაზე ერთხმად მხარდაჭერილ დასკვნებს 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება.

2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.

საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

სრულად წაკითხვა