5 მთავარი რამ – რა გზებით გამოუცხადა ივანიშვილმა ომი ხალხს

4 hours ago 2

2

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს აფასებს.

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მართავს. პრეზიდენტმა საუბარი ფონდების დაყადაღების თემით დაიწყო და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გუნდმა ომი გამოუცხადა სოლიდარობას”.

სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილები: 

მინდა, პირველ რიგი, შევეხო დღევანდელ შექმნილ ვითარებას, იმ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ კანონმდებლობას თუ რეგულაციებს, რასაც, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იღებს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ. ასე შეიძლება შევაფასოთ ის ყველაფერი, რაც ხდება და რაც ეხება, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებას.

ფონდების დაყადაღება

ამაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება, რადგან ეს, პრაქტიკულად, არის ომი სოლიდარობაზე. ანუ ის, რაც დაიწყო და რაც წარმოადგენს საზოგადოების სოლიდარობის გამოხატულებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან ან დაპატიმრებული ან სამსახურიდან გაგდებული, ან სრულიად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომელიც ათჯერ აღემატება მათ ხელფასებს. ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან, რომ გამოაჩინოს თავისი სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარდგენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ, მე მგონია, რომ ჩვენ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს, რაც ეხება ფონდებს და რომელიც ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ სიტუაციას ბევრი ოჯახისთვის და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ, სხვანაირად მოვნახოთ გზები, რითაც ჩვენ შევძლებთ,რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს.

კანონი მედიის წინააღმდეგ:

მეორე მიმართულება ის ახალი რეგულირებაა, რომელიც ეხება მედიას, რომელიც კიდევ ერთხელ არის მიმართული იმისკენ, რომ უფრო შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მედიაში და უფრო შეამციროს ის სივრცე, რაც არის თავისუფალი სივრცე და ვითომ ეს არის ბრიტანული კანონი.

ძალიან მომწონს, რომ ვითომ კოპირება მიდის ან ევროპული ან ამერიკული კანონების, როგორიც არის თურმე ფარა, მაგრამ ფარა აქ არის გამოყენებული სულ სხვანაირად – ეს არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, შპს-ებზე და ა.შ. ყველანაირი შეზღუდვები, რათა გარედან ვერცერთი დაფინანსება ვერ შემოვიდეს ქვეყანაში, რაც, ცხადია, ძალიან რთული იქნება ბევრისთვის, რადგან ეს დაფინანსება ეხმარებოდა ბევრ რამეში.

ის დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან მოდიოდა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ ეხმარებოდა, დიდწილად და ბევრად დიდწილად ეხმარებოდა სახელმწიფოს თავის პროგრამებსა და ბიუჯეტში. ამის შედეგები ჯერ არ იგრძნობა და ძალიან მალე ვნახავთ ეკონომიკის ყველა დარგში იმიტომ, რომ არ არის დარგი, სადაც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი, იქნება ეს სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა პროექტი ან პროგრამა, რომელიც ემსახურებოდა ჯანდაცვაში ჩვენს განვითარებას.

ის, რომ ეს ყველაფერი დღეს შეზღუდული არის ხელოვნურად, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არა მხოლოდ იზოლირებულია თავისი პარტნიორებისგან, არამედ ჩაკეტვისკენ მიდის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ასევე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად და მგონი, ეს ნაბიჯიც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ ამაში დავრწმუნებულიყავით მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი. როგორც ჩანს, არც ერთი ნაბიჯი არ არის ზედმეტი “ქართული ოცნებისთვის” იმისთვის, რომ დაამტკიცოს, აბსოლუტურად ყველაფერი არის ერთ ხელში და რასაც უნდა, იმას აკეთებს, რაც არ არის დიდი ძალის გამოჩენა, ანუ თავის თავში დარწმუნების გამოჩენა – ამას რომ აკეთებ, ესე იგი არასოდეს არაფერი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შენს თავში დარწმუნდე, რომ ხარ ძლიერი. მაგრამ ამას აგრძელებენ და ეს არის მათი სისუსტის ნიშანი.

საჯარო მოხელეების დევნა:

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს არის საჯარო მოხელეების მიმართულება, რადგან იქ გრძელდება ადამიანების გაშვება სამსახურიდან მოტივის გარეშე, უფრო სწორად, ისეთი მოტივებით, როგორიც არის სოციალურ ქსელში თავისი თავისუფალი აზრის გამოხატვა და რაც არის კიდევ ერთი დარღვევა ადამიანის უფლებების.

ის ფაქტი, რაზეც მე კიდევ უფრო ვწუხვარ, არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან 150 საჯარო მოხელე იქნა ამ ფორმით გამოშვებული და ცხადია, ეს ასუსტებს ყველა ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალები ტოვებენ ამ სამინისტროებს იმიტომ, რომ აქ არჩევანი არ კეთდება პროფესიონალიზმის მიხედვით – ვინ გაუშვა და ვინ არა, აქ უშვებ მხოლოდ მას, ვინც არ იზიარებს შენს მოსაზრებას და ტოვებ მას, ვინც არ არის მაინც და მაინც კომპეტენტური, მაგრამ მონობისთვის არის მზად ყველანაირად.

სინდისის პატიმრები:

არ უნდა დავივიწყოთ სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან რთულ პირობებში და რომელთა მიმართ ახალი ფორმით უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა.

ეს არის ყველა ის თემა, რომელიც არის ძალიან მძიმე და რომლის ირგვლივ სწორედ ის ახალი კოორდინაცია, რომელზედაც ახლა ვმუშაობთ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ბევრად უფრო გამოხატული უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს არის ის თემები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა