გორის მერიას ერთ წელში ხუთმა კომპანიამ უჩივლა – საჩივრების მიხედვით, კომპანიებმა გასულ წელს მერიის სატენდერო კომისია დაადანაშაულეს:
- სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგებაში;
- უყურადღებობაში;
- სატენდერო პირობების დარღვევაში.
2024 წელს გასაჩივრებული ტენდერები “მოზაიკამ” შეისწავლა. დოკუმენტაციის მიხედვით, გასულ წელს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე რამდენჯერმე შეიცვალა – სხვადასხვა პერიოდში, კომისიას თავმჯდომარეობდნენ გორის მერის ყოფილი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი და გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
დოკუმენტებიც მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში გასაჩივრდა საგზაო ნიშნების, საზედამხედველო მომსახურების გაწევის და შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერები.
| “შემსყიდველი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ტენდერში მონაწილე კომპანიებს”
ერთ-ერთი, ვინც გორის მერიას უჩივლა, შპს “სქაისქეიფერია”. კომპანია ამბობდა, რომ სატენდერო პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული.
საუბარია 2 770 000 ლარის ღირებულების ტენდერზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურულ სამუშაოების საზედამხედველო საქმიანობის გაწევას შესასყიდად იყო გამოცხადებული.
“ზედამხდველობა გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე: სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, ელექტროქსელების და სისტემების, 1000 ვ-მდე სუსტი დენების, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე. აღნიშნული დავალების მიხედვით შემსყიდველი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ტენდერში მონაწილე კომპანიებს. უნდა აღინიშნოს რომ შემსყიდველი გვირაბების ტენდერებს არ აცხადებს და ასეთი მომსახურება მას უშუალოდ გვირაბების მომსახურებაზე არ სჭირდება”, – ნათქვამი იყო საჩივარში.
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გორის მერიას სატენდერო პირობების გადახედვა დაევალა.
| “ნიმუშების სიაში იყო ხარვეზი, რაც სატენდერო კომისიამ არ დააფიქსირა“.
გასულ წელს დაფიქსირდა ერთი ტენდერის სამჯერ გასაჩივრების ფაქტიც. საუბარია მერიის მიერ საგზაო ნიშნების შესაძენად გამოცხადებულ 93 675 ლარიან ტენდერზე.
ტენდერი ორჯერ – “არსი ქონსთრაქშენმა”, ერთხელ კი “როუდ სეიფთი სისტემსმა” გაასაჩივრა. კონკურენტი კომპანიები სატენდერო კომისიას სხვადასხვა ბრალდებებს უყუნებდნენ.
“არსი კონთქრაქშენის” საჩივარი ეხებოდა კონკურენტი მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც გორის მერიის სატენდერო კომისიამ დასაშვებად ჩათვალა, თუმცა მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ ტენდერის პირობებს არ შეესაბამებოდა. აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა და ტენდერი შეწყდა.
“წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს“, – წერდა საჩივრებში “არსი კონთქრაქშენი”.
ერთ შემთხვევაში, კომპანიის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მეორე შემთხვევაში კი ნაწილობრივ.
რაც შეეხება “როუდ სეიფთი სისტემსის” საჩივარს, კომპანია ამბობდა, რომ ნიმუშების სიაში იყო ხარვეზი, რაც სატენდერო კომისიამ არ დააფიქსირა.
“ჩამოთვლილი ნიმუშების სიაში იყო ხარვეზი, რაც სატენდერო კომისიამ არ დააფიქსირა”, – ნათქვამი იყო საჩივარში.
სამი საჩივრის შემდეგ, საგზაო ნიშნების შესაძენად მერიას ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
| “სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ ემთხვევა”.
კომპანია “SmartNet” -მა გორის მერიას უჩივლა ახალბაღის ტერიტორიაზე განთავსებული ატრაქციოების სამეთვალყურეო და კონტროლერის განსათავსებელი ჯიხურების მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო.
მომჩივანი მიუთითებდა, რომ მერიას ტენდერში სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ ემთხვეოდა.
“ხარჯთაღრიცხვა ასევე ითვალისწინებს უკვე დამონტაჟებული ატრაქციონებისთვის ერთჯერადი სერვისის ჩატარებას, რაც მოიცავს შემოწმებას, ძრავების მოწესრიგებას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებასა და აღდგენას, სისტემის ჩართვას, ტესტირებას და ა.შ. ანუ საუბარია ისეთ კომპონენტებზე რომელთა მიწოდება წინამდებარე ტენდერში არ ხდება და პრეტენდენტებისთვის უცნობია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა”, – აღნიშნავდა მომჩივანი კომპანია.
დავების საბჭომ კომპანიის საჩივარი დააკმაყოფილა და აღნიშნული ტენდერი შეწყდა.
| “კომისია არღევს სატენდერო პირობებს”.
ერთი საჩივარი ეხებოდა კრივის სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომლის სავარაუდო ღირებულება 548 400 ლარი იყო. აღნიშნულ ტენდერში შპს “ბილდგინგს” ერთადერთი მონაწილე იყო, და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა, თუმცა დავების საბჭოში სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მაინც გაასაჩივრა.
კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულ კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა, რაც კომპანიამ სატენდერო პირობების დარღვევად მიიჩნია და დავების საბჭოს მიმართა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საჩივრისა, კრივის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულმა კომპანიამ შეასრულა.