5 შვილის მამას, მსახიობს, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია – კასრაძე სასამართლოს

2 weeks ago 6

3

საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია  – ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლოს.

„54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა, არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო საქციელი არასდროს ჩამიდენია. ამას დაადასტურებს ჩემი თეატრიც, ჩემი მეგობრებიც და ვინც მიცნობს. არავისთან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს, თბილისში სახლი მაქვს და საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, ჩემი ჯვარი და მოვალეობაა ჩემი სამშობლო.. ჩემი ღირსებებით და მაგალითით იწყებდა ხოლმე გიორგი შაუტაშვილი ლექციებს. ასეთ კაცს, თქვენ მე საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია უბრალოდ“, – განაცხადა კასრაძემ.

საქალაქო სასამართლოში  რვა დაკავებული აქტივისტის საქმეს ამ წუთებში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს.

დაკავებულები – ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ბრალდებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სრულად წაკითხვა