500-ლარიანი ჯარიმა ყველას, ვინც გზა გადაკეტა - დაშინება თუ კანონის დაცვა?

3 weeks ago 8

51 წლის ხათუნა ნიკორაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გუშინ, 25 ნოემბერს დაურეკეს და თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დაიბარეს. უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება იყო დაწყებული, გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო. ხათუნა იმ დღეს აქციაზე თავის შვილთან, მარიამთან ერთად იყო.

„"დაიტოვეს" ჯგუფიდან არავის არ გვინდა ეს ყველაფერი აღვიქვათ პირად ზეწოლად, რატომ მაინცდამაინც ის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად ვერაფერს მოედავებიან და რომელიც რატომღაც არის დედაჩემი, იმედია, მხოლოდ დამთხვევაა, თუმცა საინტერესო დამთხვევა გამოვიდა“, - ამბობს მარიამი და ამატებს: „დაშინებაა მიზანი, ადამიანებს აჯარიმებენ, უნდათ შექმნან პრეცედენტი: არ გახვიდე და არ გააპროტესტო, რადგან მაინც დაგაჯარიმებენ, თუნდაც იცავდე კანონს“.

ხათუნა ნიკორაშვილი შვილთან და ადვოკატთან ერთად სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება

ხათუნა ნიკორაშვილი შვილთან და ადვოკატთან ერთად სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება

მარიამ ყაულაშვილი-საუთუელი „დაიტოვეს“ ერთ-ერთი შემქმნელია.

„დაიტოვე“ 2024 წლის მარტში ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დროს შეიქმნა, იმათ დასახმარებლად, ვინც საპროტესტო აქციებზე რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ, თბილისში კი ღამით დასარჩენი არ ჰქონდათ.

ხათუნა ნიკორაშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო ინფორმაციის განყოფილებაში საქმის წარმოების სპეციალისტად. სამსახური სამი წლის წინ დატოვა.

„შიგნით არსებული ვითარება აღარ მომწონდაო“, - ამბობს და ამ თემას მეტად აღარ განავრცობს. სასამართლო პროცესის დასრულებისას გამოველაპარაკე. პოლიციამ ხათუნაც გზის ხელოვნურად გადაკეტვაში დაადანაშაულა.

პროცესი საქალაქო სასამართლოს მე-9 დარბაზში 14:00-ზე დაიწყო და ზუსტად 25 წუთი გაგრძელდა. ხათუნა ნიკორაშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ეს ადმინისტრაციული კოდექსის 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილია.

ხათუნა ნიკორაშვილი

ხათუნა ნიკორაშვილი

„აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ გზის გადაკეტვა, თუ არ არიან საკმარისი რაოდენობა გზის ბუნებრივად გადასაკეტად“, - თქვა პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მან რამდენჯერმე გაიმეორა - ეს იყო „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“.

ზუსტად იმავეს გამო არიან დაბარებული საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბრის აქციის სხვა მონაწილეებიც.

„ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ ათობით ადამიანი უკვე დაიბარეს, მასიურად იბარებენ. ხვალ და ზეგ სასამართლოში ინტენსიურად ჩატარდება გზის გადაკეტვის საქმეზე პროცესები და დარწმუნებული ვარ, ყველას დააჯარიმებენ. დაშინების მცდელობაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა, რომელიც საქალაქო სასამართლოში სხვა უფლებადამცველებს შეხვდა. მათ გზის გადაკეტვის გამო დაბარებულების საქმეები გადაინაწილეს.

შსს-მ სასამართლოში მტკიცებულებები დისკით მიიტანა. მასზე ტელეკომპანიების „მთავარისა“ და „პირველის“ პირდაპირი ეთერებიდან ამოჭრილი მონაკვეთებია, ერთ-ერთში ხათუნა ნიკორაშვილი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს და ამბობს:

„ამათ უკვე სხვა გზა არ აქვთ, ამათ უნდათ დაგვაშინონ მოკლე ჭკუით, თვითონ ეშინიათ, თორემ ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო გავიზრდებით, იმედი გვაქვს ხალხის ძალის და ერთიანობის“.

ამ კომენტარს წინ უსწრებს გაფრთხილება. რადიო თავისუფლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ეუბნებიან, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო, დაჯარიმდებითო…

„ვიწყებთ იდენტიფიცირების პროცესს“, - აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აფრთხილებს. ეს 10 ნოემბრის საღამოს ცხრა საათია.

საპროტესტო მარში თავისუფლების მოედნიდან 7 საათზე დაიძრა, გაიარა ბარათაშვილის ქუჩა და ხიდთან რამდენიმე ნაწილად გაიყო, დაიკავა მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდის ესტაკადა. მიზანი გზების პარალიზებით დისკომფორტის შექმნა იყო.

საპატრულო პოლიცია მსვლელობის შესახებ ინფორმირებული იყო, გზების გადაკეტვის დაანონსების შემდეგ კი აქციის მონაწილეების ამ გეგმისთვის ხელი არ შეუშლიათ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თვალს ადევნებენ საპროტესტო მსვლელობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 10 ნოემბერი, 2024

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თვალს ადევნებენ საპროტესტო მსვლელობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 10 ნოემბერი, 2024

„დაიტოვეს“ წარმომადგენლებმა მარშის დასაწყისშივე გააფრთხილეს აქციაზე მისულები, რომ სიურპრიზებს ამზადებდნენ, რის შესახებაც გზადაგზა იტყოდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მსვლელობის საბოლოო დანიშნულება არავინ იცოდა.

პოლიციის გაფრთხილებისთანავე ნაკადებად დაშლილი მსვლელობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საპატრიარქოს შენობასთან გაერთიანდა და გორგასლის ქუჩისა და მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე ღამის 10 საათისთვის დასრულდა.

აქედან ორ კვირაში შსს-მ აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დასაჯარიმებლად სასამართლოს მიმართა.

26 ნოემბრის სხდომაზე დამსწრეებს ვიდეომტკიცებულებების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ. მტკიცებულებები მოსამართლის მაგიდაზე მდგარ ლეპტოპში მხოლოდ მხარეებმა ნახეს.

ხათუნა ნიკორაშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ შსს-მ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასაჯარიმებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

„ორ ვიდეოში ქალბატონი ხათუნა საერთოდ არ ჩანს, ვიდეოებიდან ვერ ვიგებთ, როდის არის გადაღებული. მესამე ვიდეოში, ინტერვიუს დროს, ხათუნას უკან ათობით ადამიანი დგას, რაც შსს-ს მტკიცების საპირისპიროა“.

„სამართლებრივი პროცესი არ არსებობს, აქ არის პოლიტიკური პროცესი, რომ ეს ადამიანები რამენაირად დასაჯონ. ჩვენ ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რიგ შემთხვევაში საქმეებს წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოებში, რიგ შემთხვევაში კი, ვისაც კიდევ არ სჯერა, რომ სასამართლოს კლანი მართავს, მოხდეს ლუსტრაცია და ამ ადამიანებმაც იქნებ რამენაირად დაიჯერონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებს ლაშა ტყეშელაძემ.

  • ადასტურებთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იდექით?
  • რა ნაწილში, რომელ მხარეს? გამყოფ ზოლთან? პირველ ზოლში, თუ მეორეში?
  • რატომ მოძრაობდით გზაზე და არა ტროტუარზე?
  • ტროტუარზე ვერ ეტეოდით?
  • სავალ ნაწილზე იდექით თუ მოძრაობდით?

- ეკითხებოდა მოსამართლე ხათუნა ნიკორაშვილს.

„ანუ არ იყავით იმდენი რაოდენობის, რასაც შეუძლია ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეეფერხებინაო, საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტი ვიყავით, ჩვენ სასწრაფოების და სხვა მსგავსი ავტომობილები არ შეგვიფერხებია... ალბათ ქვეყნის სიყვარულისთვის გვაჯარიმებენ“, - ამბობს ხათუნა ნიკორაშვილი.

გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო სასამართლოში დაიბარეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი. მას, როგორც პროტესტის ორგანიზატორს, 5000 ლარით დაჯარიმება ემუქრება. ის მიუძღოდა მსვლელობას ავტომობილით.

„დაიტოვეს“ ორგანიზებული მსვლელობა თბილისში, 10 ნოემბერი, 2024

„დაიტოვეს“ ორგანიზებული მსვლელობა თბილისში, 10 ნოემბერი, 2024

დაპირების მიუხედავად „დაიტოვეს“ აქცია აღარ გაუმართავს, თუმცა არჩევნების წინააღმდეგ ყველა სხვა საპროტესტო შეკრებას შეუერთდა.

27 და 28 ნოემბერსაა დაგეგმილი აქციის სხვა მონაწილეების პროცესებიც, ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარსაათიანი დაშორებებით. პოლიციის საჩივრების რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. ზუსტი რიცხვის დაზუსტება, იურისტებთან, სასამართლოსა და შსს-სთან კომუნიკაციის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო.

სრულად წაკითხვა