2022–2025 წლებში ხაშურის მერიის მიერ ავტომობილების შენახვაში დაახლოებით 473 917 ლარია დახარჯული. ღია წყაროების მიხედვით, ერთი შეხედვით, ყველაზე ჩვეულებრივი და ყოველდღიური ხარჯი, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვაზეა გაწერილი – რეალურად შესაძლოა ყველაზე მკაფიოდ აჩვენებდეს, რამდენად გამჭვირვალე და გონივრულია მუნიციპალიტეტის ფინანსური პოლიტიკა.
საწვავის, ავტოშეკეთების, სათადარიგო ნაწილების, ასევე ავტორეცხის სერვისების ხარჯები წლების მიხედვით:
2022 | 95,382 | 32,600 | 6,744 | 134,726 |
2023 | 83,292 | 12,982 | 4,995 | 101,269 |
2024 | ~85,000 | 5,003 | 7,944 | 97,947 |
2025 | ~85,000 | 45,975 | 9,000 | 139,975 |
ჯამი | 348,674 | 96,560 | 28,683 | 473,917 |
ცხრილი ნათლად აჩვენებს, რომ ოთხ წელიწადში მხოლოდ საწვავში დაიხარჯა თითქმის 350 ათასი ლარი, სერვისსა და ნაწილებში – თითქმის 100 ათასი, ხოლო მანქანების რეცხვისთვის – 30 ათას ლარზე მეტი.
2022 წელს, როცა მერიის ავტოპარკის ხარჯების მონიტორინგი დავიწყეთ, სურათი შედარებით დაბალანსებულია: საწვავზე 95 ათასი ლარი, სერვისსა და ნაწილებში – 32 ათასზე მეტი, რეცხვისთვის კი დაახლოებით 7 ათასი. ამავე წელს ძირითადი სერვისის მიმწოდებელი იყო კომპანია „ავტო ფართს“, რომელსაც მერია დაუფარავდა სოლიდურ თანხას.
2023 წელს საწვავის ხარჯი მცირდება, თუმცა თითქმის იგივე მასშტაბში რჩება – 83 ათასი. სერვისში გადახდილი თანხა კი მკვეთრად ეცემა და მხოლოდ 13 ათას ლარს აღწევს. ერთი შეხედვით, თითქოს მანქანების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა გარკვეული ეჭვებიც იკვეთება: თუ მანქანები იგივე მოცულობით მოძრაობენ (რაც საწვავის ხარჯებში ჩანს), რატომ არ სჭირდებათ სერვისი? (ან, შესაძლოა ამ სერვისის ხარჯები სხვა კატეგორიაში გადაიტანეს?)
2024 წელს საწვავის ხარჯი ისევ იგივეა – დაახლოებით 85 ათასი, მაგრამ სერვისი და ნაწილები მკვეთრად მცირდება და მხოლოდ 5 ათასი ლარია. ამავე დროს, რეცხვის სერვისი იზრდება და თითქმის 8 ათას ლარს აღწევს.

2025 წელს კი სურათი სრულად იცვლება. საწვავი ისევ იგივე მასშტაბშია, მაგრამ სერვისისა და ნაწილების ხარჯები ერთბაშად იზრდება – 46 ათას ლარამდე. განსაკუთრებით თვალშისაცემია KIA Sorento-ზე დახარჯული თანხა: მაისში 26,963 ლარი, ხოლო აგვისტოში კიდევ 5,805 ლარი. მხოლოდ ერთი მანქანა წელიწადში მერიის ნახევარი მოცულობის საწვავს უტოლდება.

მერიის მიერ დახარჯული თანხების ანალიზი კიდევ უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ხაშურის მერიამ ფული გადაიხადა იმ ავტომობილის სერვისში, რომელიც მის ბალანსზე არსებული მანქანების ოფიციალურ ჩამონათვალში საერთოდ არ ფიქსირდება. საუბარია Toyota Camry-ზე (სახელმწიფო ნომერი LP 919 PP, VIN: JTNBF4FK503022352), რომელიც ღია წყაროებით ხელმისაწვდომ დოკუმენტებში თითქოსდა არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა სერვისულ ხელშეკრულებებში მისი VIN კოდი და სახელი ხშირად ჩნდება.

ამ ავტომობილის ისტორია ყველაზე თვალსაჩინოდ აჩენს მერიის გამჭვირვალობის პრობლემას. 2024 წლის ივლისში Camry-ს სერვისსა და სათადარიგო ნაწილებში მერიამ 3 183 ლარი გადაიხადა, ხოლო 2025 წლის მარტში – ორ სხვადასხვა შესყიდვაში ჯამში თითქმის 3 600 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 6 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მანქანაზე, რომელიც ოფიციალურ ბალანსში არ ჩანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მანქანის რეგულარული მომსახურება ხაშურში მთლიანი ავტოპარკის საშუალო საწვავის წლიურ ხარჯთან ახლოსაა, ჩნდება კითხვა – ვისი სარგებლობისთვის იხარჯება ეს თანხა?
Camry-ს მონაცემები საერთოდ არ ფიქსირდება სამრეცხაოს სერვისის სიებში. ანუ, მანქანა არ ირეცხება, თითქოს არ არსებობს, მაგრამ მუდმივად საჭიროებს სერვისსა და ნაწილებს. ამგვარი წინააღმდეგობა შეიძლება მიუთითებდეს ორ გარემოებაზე: ან მერიის მანქანების ოფიციალური სია არასრულია და მოქალაქეებს სრული სურათი არ მიეწოდებათ, ან Camry უკვე ჩამოწერილი/გაყიდულია და მიუხედავად ამისა, მასზე ბიუჯეტის თანხები მაინც იხარჯება. ორივე ვარიანტი პრობლემურია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხარჯვა ან არაზუსტად აღირიცხება, ან საერთოდ არამიზნობრივად ხორციელდება.

კიდევ ერთი საინტერესო დეტლი – სერვისისა და სათადარიგო ნაწილების თითქმის ყველა დიდი ტენდერი მოგებული აქვს ინდ. მეწარმე თეიმურაზ ლომუაშვილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ელექტრონულ ტენდერებში ხაშურის მერიის “უკონკურენტო” მიმწოდებელია. ის 2021 წელსაა რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნულ პროცესში 2023 წლიდან ჩნდება.
როდესაც ერთიდაიგივე მომწოდებელი წლების განმავლობაში იგებს მერიის თითქმის ყველა ხელშეკრულებას შესყიდვის ერთიდაიმავე კატეგორიაში, ეს ნიშნავს, რომ ან მერია სპეციალურად არ ქმნის კონკურენტულ გარემოს, ან მიმწოდებელს აქვს განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი მერიასთან. ორივე შემთხვევა პრობლემაზე მიუთითებს, რადგან კონკურენციის გარეშე ფასები ბუნებრივზე მაღალია.
თუ ავტონაწილების სერვისზე დახარჯულ თანხებს შევადარებთ საწვავის წლიურ ხარჯთან, ვნახავთ, რომ 2025 წელს მხოლოდ KIA Sorento-ს სერვისში დახარჯეს 27 ათასი ლარი. ეს თანხა თითქმის უტოლდება მთელი ავტოპარკის წლიური საწვავის ხარჯს. მათ შორის Camry, რომელიც თითქოს არსად ჩნდება, მაგრამ მისთვის მაინც იხარჯება რამდენიმე ათასი ლარი წელიწადში.
რაც შეეხება რეცხვის სერვისს, მისი ხარჯები ოთხ წელიწადში ჯამში 30 ათას ლარს აღემატება. პარალელები, რომ გავავლოთ გასათვალისწინებელია, რომ ხაშურში საშუალო ოჯახი წლიურად კომუნალურ გადასახადებში ბევრად ნაკლებს იხდის. მერიის მანქანების რეცხვა კი ხაშურელებს საკუთარ გადასახადებზე ბევრად ძვირი უჯდებათ.
ღია წყაროებით მოპოვებული მონაცემების დამუსავების შედეგად სამი მთავარი კითხვა იკვეთება:
- რატომ არ ფიგურირებს Toyota Camry ავტომანქანების რეცხვის სერვისის სიაში, მაგრამ მაინც რეგულარულად იღებს სხვა ავტოსერვისს?
- როგორ ხარჯავს მერია ერთ მანქანაზე ათასობით ლარს სერვისში, მაშინ როცა იგივე ოდენობის ფული მთელი ავტოპარკის საწვავს ჰყოფნის?
- რატომ არის თითქმის ყველა ხელშეკრულება ერთი და იმავე პირის სახელზე და რატომ არ ტარდება ელექტრონული ტენრეი კონკურენტულ გარემოში?
სპეციალისტების შეფასებით, 2022–2025 წლებში ხაშურის მერიის მიერ ავტომანქანების შენახვაზე დახარჯული თითქმის ნახევარ მლნ-მდე ლარის ხარჯვა წარმოადგენს სოლიდურ თანხას ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ხაშურია და სადაც უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს. როცა ცალკეულ მანქანებზე სერვისის ხარჯები აჭარბებს საწვავის წლიურ დანახარჯს, ასევე Toyota Camry – ის შემთხვევაში თანხები იხარჯება მანქანაზე, რომელიც წლების განმავლობში “არ ირეცხება” – სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
ამ ყველაფერს ემატება ფაქტი, რომ სერვისის (სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები), თითქმის ყველა კონტრაქტი (12 ტენდერიდან 11-ში გამარჯვებულია) ერთი და იმავე პირის სახელზე იდება.
აღნიშნულ გარემოებებზე ხაშურის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაც არ სურს, ანალიტიკოსების მიერ მოთხოვნილი პასუხები კონკრეტულ კითხვებზე ხაშურის მერიამ უპასუხოდ დატოვა და დაარღვია “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 37-ე მუხლით განსაზღვრული დათქმა და ამავე კოდექსის მე- 40 მუხლით დადგენილი ვადები.
შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – ნამდვილად ასე ძვირი ჯდება ხაშურის მერიის ავტოპარკის შენახვა, თუ ეს ფული ზედმეტად იხარჯება და კონკრეტული პირები, პირადი ინტერესებისთვის სარგებლობენ ბიუჯეტით?
აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ფინანსური მონიტორინგი და საჯარო კონტროლი არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ მოქალაქის პირდაპირი ვალდებულება უნდა გახდეს. რადგან საბოლოოდ, ეს ხარჯები სწორედ ადგილობრივების ჯიბიდან მოდის.