7 რჩევა, როგორ შევხვდეთ ახალ წელს სტრესისა და იმედგაცრუების გარეშე თუნდაც შეზღუდული ბიუჯეტით

1 week ago 8

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც სურვილების ასრულებასთან, ცვლილებებთან და ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინთან ასოცირდება, თუმცა მილიონობით ადამიანისთვის ახალი წლის დადგომა საკმაოდ პრობლემური პერიოდია. ამ მოვლენისთვის სამზადისს დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება გააუფერულოს სადღესასწაულო მაგიის მომხიბვლელობა და შეარყიოს იმედი, რომ სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ეს შეგრძნება სავსებით ნორმალურია და ფსიქოლოგიაში „სადღესასწაულო სტრესის“ სახელითაა ცნობილი.

გთავაზობთ, ადვილად შესასრულებელ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო გააზრებულად, ცივი გონებით მიუახლოვდეთ ამ გარდამავალ თარიღს და, ასევე, საშუალებას მოგცემთ, მომავალს უფრო ლაღად და მშვიდად დახვდეთ.

დაგეგმეთ თქვენი საქმიანობა

შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში საყიდლებზე სიარული წინასაახალწლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ნაწილია. წინასწარ გაამზადეთ საჩუქრების ადრესატების სია და განსაზღვრეთ, რა ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებთ თითოეულ მათგანზე. ეს დაგეხმარებათ, ფულის ხარჯვისას გარკვეული საზღვრები დაიწესოთ და მათ არ გასცდეთ.

ნუ იქნებით პერფექციონისტი, უარი თქვით სრულყოფილებაზე 

ცხოვრება სავსეა დაუგეგმავი მოვლენებით, ამიტომ დღესასწაული იდეალურადაც რომ დაგეგმოთ, ყოველთვის იქნება იმის შანსი, რომ რაღაც ისე არ მოხდება, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ. დღესასწაულის მთავარი არსი ისაა, რომ ადამიანებმა ოჯახთან და მეგობრებთან მეტი დრო გავატაროთ, დავიმუხტოთ დადებითი ემოციებით და ვისიამოვნოთ უშუალო ურთიერთობებით. სრულყოფილება ფიქციაა, რომელიც ხელს უშლის სიამოვნებას. შეეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ პროცესზე და არა ფორმაზე.

დაისვენეთ

ეცადეთ,  სადღესასწაულო დღეები სტრესის და შფოთვის მთავარ წყაროდ არ აქციოთ. შეზღუდეთ  საოჯახო პასუხისმგებლობები, თავიდან აიცილეთ მეორეხარისხოვანი ვალდებულებები, წინასწარ მოემზადეთ და გაიაზრეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტუმრების რაოდენობა, საჩუქრების შერჩევა, მენიუს შედგენა, დიდი ალბათობით, ვერ ასცდებით. ამიტომ დაზოგეთ დრო და ენერგია, მოდუნდით და, უბრალოდ, „დაიჭირეთ“ის მომენტი, ის განსაკუთრებული განწყობა, რომელიც ჰაერშია – ნუ გახდებით „სადღესასწაულო სტრესის“ მსხვერპლი.

აირჩიეთ სწორი გარემო

თავად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების წრე და გარემო. განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში მინიმუმამდე დაიყვანეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტი, დაზოგოთ თქვენი ემოციური ენერგია, დატოვეთ ასეთი „მეგობრები“ უკვე გასულ წელში და ნახავთ, რომ ახალი 2025 წელი ბევრ საინტერესო და ახალ ადამიანს შეგახვედრებთ, ვინც ნამდვილად დაგაფასებთ და ეყვარებით.

გაინებივრეთ თავი

ჯერ საკუთარ თავს გაუკეთეთ საჩუქარი. შეიძინეთ დიდი ხნის ნანატრი ნივთი, წადით, თუ ეს შესაძლებელია, საინტერესო შეხვედრაზე ან კონცერტზე, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. თუ თავს უბედურად გრძნობთ, ისეთი გადაღლილი ხართ, რომ სტუმრის გამასპინძლება კი არა, ოჯახის წევრებსაც ვერ უძლებთ, მაშინ თქვენი გაწყობილი სადღესასწაულო სუფრა და სიყვარულით შერჩეული საჩუქარი წყალში გადაყრილი შრომა და ხარჯია. ამიტომ  დიდ დღესასწაულამდე საკუთარ თავს პატარა დღესასწაულები მოუწყვეთ!

ისწავლეთ უარის თქმა

„არას“ თქმის უნარი, პრინციპში, სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს, მაგრამ ახალ წელს ის გიხსნით არასაჭირო და არასასურველი წვეულებისგან. არ მოგერიდოთ უარის თქმის, არაფერია იმაში დასაძრახი, რომ დღესასწაული ისე გაატაროთ, როგორც თქვენ გინდათ. ნუ შეგეშინდებათ თქვენი სურვილების მკაფიოდ გამოხატვისა, რადგან თუ მათ უკანა რიგში გადასწევთ და სხვის ახირებებს აჰყვებით, სიხარულის შეგრძნების უნარს დაკარგავთ.

იყავით რეალისტი

ფანტაზიები მომავლის შესახებ, იმის შესახებ, რაც ყველაზე მეტად გვინდა, ლამაზია, მაგრამ ყოველთვის ვერ მიაღწევთ. გაცილებით ეფექტიანია თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება – მაშინ ზედმეტი იმედგაცრუება არ გექნებათ.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენს დროს, ენერგიას და ფულის უფრო რაციონალურად დახარჯავთ.  ახალი წლის მოახლოებას ნაკლები  მღელვარებით და მეტი სიამოვნებით შეხვდებით. და, რაც მთავარია, დარწმუნდებით, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ!

თამთა გურული

სრულად წაკითხვა